ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში

დგას თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე – კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატმა წასვლა გადაწყვიტა.

მიდიან დავით სერგეენკო, ირაკლი კოვზანაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი. თუმცა, „ქართული ოცნება“, რომელსაც ახლა უკვე 79 დეპუტატი რჩება, უმრავლესობის დაშლის საშიშროებას გამორიცხავს იმ არგუმენტით, რომ ოთხივე მათგანი საპარლამენტო მანდატს ტოვებს და არა უმრავლესობის რიგებს, რაც მათ ავტომატურ ჩანაცვლებას გულისხმობს. ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატები ის კანონმდებლები არიან, რომლებმაც ორი კვირის წინ „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტებზე ინიცირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირეს. მაშინვე ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი პარტიის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ოთხივე მათგანს საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა მოსთხოვეს. ახლა მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა პარტიიდან გადინების პროცესი.