ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში, სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, ამ კანონის მუხლების შესაძლო თვითნებური გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ვაღიარებთ რა, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, რადიკალური ზომები, როგორიც არის პერსონალურ ხასიათის ზოგიერთი ზომა, შეიძლება იყოს გამართლებული, დროებითი და განსაკუთრებული საფუძვლებით. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა. თუმცა, თუ ასეთი საჭიროება იქნებოდა, ასეთი ზომები უნდა შემუშავებულიყო პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს მკაფიო ლეგალური კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესი“ – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით, გააძლიეროს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და არსებული კონტროლის მექანიზმები, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მათი რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ერთიანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს.