ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან იმ პუნქტზე ვერ თანხმდებიან, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება. საუბარია დათქმაზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურობის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირების არგუმენტით ოპოზიციამ უკვე დაიწუნა. წარდგენილი ცვლილებების მიმართ პრეტენზიები აქვს მესამე სექტორსაც. პროტესტი ძირითადად ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს და მის უფლებამოსილებებს უკავშირდება. შეფასებებში ოპონენტები ძირითადად ვენეციის კომისიის დასკვნას ეყრდნობიან, სადაც წერია, რომ ბიუროს პირველი პირი მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა აირჩიონ. თუმცა რეკომენდაციას მხარეები სხვადასხვანაირად კითხულობენ.