ვენეციის კომისიის დასკვნა - გამოხმაურება

საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს ვენეციის კომისია.

სამართლის ევროპელი ექსპერტები მიესალმებიან 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე, როგორც სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატარონ რეფორმის სტრატეგია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ ხუთი ძირითადი რეკომენდაცია დაასახელა. ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ასევე საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეთა გადაყვანის ან მივლინებისას. მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია; მეოთხე რეკომენდაცია მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვას ეხებოდა, რაც ნაწილობრივ შესრულდა. ასევე ნაწილობრივ არის შესრულებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების შესახებ რეკომენდაცია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში აღნიშნულ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის. ვენეციის კომისიის დასკვნას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით ვენეციის კომისიის შეფასებამ დაადასტურა, რომ პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული და მხოლოდ ის რეკომენდაციები ვერ იქნა გათვალისწინებული, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი და სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა.