გადაწყვეტილება მიღებულია: შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის მიუხედავად, „თბილისი პრაიდი“ მსვლელობას მაინც გამართავს.
საკუთარი უფლებების დასაცავად დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარების ზუსტი დღე და ადგილი ჯერ არ დასახელებულა. უცვლელად რჩება მსვლელობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა გეგმაც. ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მარშის ჩასაშლელად დაანონსებული ე.წ. სახალხო რაზმების შექმნის იდეას ძალაში ტოვებენ და ყველა მეთოდის გამოყენებას, მათ შორის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც, არ გამორიცხავენ. მათ მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს მუქარისშემცველად და ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნევს მესამე სექტორი, რომელიც ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკაზე მიუთითებს და მას „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. იდენტური პოზიცია აქვს ოპოზიციასაც. ვერის ბაღიდან გაჟღერებული გზავნილები მიუღებელია მმართველი გუნდის წევრებისთვისაც.