„პრაიდის“ კვირეული თბილისში 

ექსცესებით და პროტესტის ფონზე დაწყებული „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორები სულ სამი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია „ღირსების მარშიც“, რომელმაც კვირეული უნდა დაასრულოს. მიზანი იმ გამოწვევების და პრობლემების დემონსტრირებაა, რომლებიც, როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ლგბტქიუ თემის წევრებს ექმნებათ. „სოლიდარობა“ – ამ ლოზუნგით მიმდინარე კვირეულის მონაწილეები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ. მათ შორისაა ჰომოფობიის, დისკრიმინაციისა და სტიგმის დასაძლევად თანასწორი გარემოს შექმნა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება. წინა წლების მსგავსად, კვირეულის დაწყებას ამჯერადაც საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მხრიდან არაერთი მუქარის შემცველი გზავნილი უძღოდა. ამიტომ „პრაიდის“ ორგანიზატორები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ და კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ. საპარლამენტო ოპოზიცია კი ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.