„თბილისი პრაიდის“ განცხადება

„თბილისი პრაიდი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ჩატარდება და დახურულ სივრცეში მხოლოდ სამი ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, მათთვის შემაშფოთებელია „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი მოწოდებები, რის გამოც, ორგანიზაციას შსს-თან აქტიური კომუნიკაცია აქვს. მათი თქმით, უწყებისგან უსაფრთხოების დაცვის გარანტიები უკვე მიიღეს, თუმცა „თბილისი პრაიდი“ მოითხოვს – მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას დაიცავს. მოთხოვნებს შორისაა 5 ივლისის მოვლენების იმ ორგანიზატორების დასჯა, რომლებიც, მათივე თქმით, ძალადობრივ ქმედებებს ამ დრომდე აგრძელებენ.