ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მის თბილისში გადმოყვანას ითხოვდა, მრავლობითი მოტეხილობებით ქალი მაინც ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თამარ გიგაური ჭაში შვიდი მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი აპარატურა, არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები, რის გამოც წარმოუდგენელია, რა დახმარება უნდა აღმოუჩინონ პაციენტს.
ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო წითელი ჯვარიც და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.