ბიბილოვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

არაღიარებული რეჟიმი ოფიციალურ თბილისს ულტიმატუმს უყენებს.

თუ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი არ მოხდება, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას არ მისცემს.

სწორედ ჩორჩანას გამო, სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის ე. წ. გადასასვლელი დაკეტილია. შედეგად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები სამედიცინო დახმარების მისაღებადაც კი ვერ ახერხებენ. არაღიარებული რეჟიმი მათ ახლობლების მონახულების საშუალებას არ აძლევს.

უმძიმესი მოსასმენი იყო ახალგორის კულტურის სახლში შეკრებილი ადგილობრივების გამოსვლები, სადაც ისინი დე-ფაქტო ლიდერს ე. წ. გადასასვლელის გახსნას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სთხოვდნენ. ანატოლი ბიბილოვის უარს მოსახლეობის უმწვავესი რეაქციები დარბაზშივე მოჰყვა.