ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვალების ფაქტი

კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, 68 წლის ექიმი ონისე გათენაშვილი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ წამოსვლის უფლება არ მისცა. ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი, ონისე გათენაშვილი კორონავირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალში ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, პაციენტი „წითელი ჯვრის“ დახმარებით ყველა პროცედურის დაცვით გადმოიყვანეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, ტრანპორტირება დაგვიანებული აღმოჩნდა და ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ახალგორში მცხოვრებ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.