ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.