„მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია სამინისტროსგან რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით ტყის გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. „მწვანე ალტერნატივა“ მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ის ბრძანებები, რომლითაც აღნიშნული ტერიტორიის მოსაწყობად გამოცხადდა აუქციონი და გაიცა ლიცენზია. პრესკონფერენციაზე დარღვევების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუქციონის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო, მთავრობის მხრიდან არ ჩატარებულა სპეციალური კვლევები და დადგენილებაში კონკრეტული სახეობების გადაშენების შესახებ არაფერი წერია.