მეოთხე თაობის ომი და ტერორიზმი
მეოთხე თაობის ომი და ტერორიზმი

ვესტფალის ზავმა 1648 წელს არა მარტო დაასრულა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, არამედ დასაბამი მისცა სრულიად ახალ სინამდვილეს: იშლება რომის წმინდა იმპერია და ჯერ ევროპაში, ხოლო მოგვიანებით გლობალურად, ეროვნული სახელმწიფო ხდება საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტი. იმთავითვე, ახალი რეალობის ახალი აქტანტები დადგნენ რამოდენიმე პრობლემის წინაშე: –  ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობის, კეთილდღეობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. ეს აღმოჩნდა ის ქვაკუთხედი, რაზედაც, მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, ჯერ ევროპული, ხოლო შემდეგ მსოფლიო ისტორია აიგო. ამ აზრით, პროცესი დღესაც გრძელდება. გლობალური პოლიტიკის ყველა მონაწილე, იმ მრავალსახეობის მიუხედავად, რასაც დღევანდელი საერთაშორისო სისტემა თავის სუბიექტთა სახით გვთავაზობს, ერთნაირად უდგება როგორც თავისი გეოგრაფიული გარემოსა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოწყობის მთლიანობის, ასევე მყარი ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საკითხს. საბოლოო ანგარიშით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა სწორედ საკუთარი სტატუს-ქვოს  შენარჩუნება გახლავთ როგორც მიმდინარე, ასევე მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების პროცესში. ამ მხრივ, თანამედროვეობა ბევრით არ დაცილებია პროცესის საწყის ეტაპს, თუ არ ჩავთვლით იმ მეტ-ნაკლებად აქტუალურ თემატიკას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ ლექსიკონში ჩნდება. ამგვარად, ვესტფალის ზავმა არამარტო განაპირობა ისტორიის მეტად თავისებური განვითარება, არამედ საფუძველი დაუდო ისეთი მექანიზმის ეფექტურ საქმიანობას, რასაც სახელმწიფო მანქანა ჰქვია. თუმცა, ამ მექანიზმის ეფექტურობა დამოკიდებული აღმოჩნდა იმაზე, თუ რა წარმატებით მოახერხა მან ადამიანური საქმიანობის სხვადასხვა სფეროთა მონოპოლიზაცია, ანდა ამ სფეროების სრული კონტროლი. პირველი, და უმთავრესი ამ მიმართებით იყო სამხედრო საქმიანობის მონოპოლიზაცია და სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის ექსკლუზიური უფლების მოპოვება. ამ დროიდან ფეოდალური ომების ისტორია წყდება და ახალ სინამდვილეში, ახალი დროის ომების ეპოქაში შევდივართ. შესაძლოა ეს უმნიშვნელო დეტალად მოგვეჩვენოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა.უფრო კონკრეტულად, საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ დროიდან იწყებენ თანამედროვე სამხედრო თეორეტიკოსები ომების ოთხი თაობის ათვლას. პიონერებად ამერიკელები მოგვევლინნენ. 1989 წელს, სამხედრო სპეციალისტთა მცირე ჯგუფმა, უილიამ ლინდის ინიციატივით, დაიწყო ცივი ომის შემდგომ დროინდელი სამხედრო კონფლიქტების კვლევა. იმ თავისებურებათა ახსნის ძიებაში, რომლითაც ეს კონფლიქტები ხასიათდება, მათ ყურადღება მიაქციეს შემდეგ გარემოებას – მანამ, სანამ სახელმწიფო ომის და საომარი საქმიანობის მონოპოლიზაციას მოახდენდა, ომიანობით ადამიანთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფები იყო დაკავებული: გვარები, კლანები, ტომები, რელიგიური ჯგუფები, ქალაქები, ბიზნეს ჯგუფები და სხვ. ეს არის იმ სოციალური ერთობების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ეწეოდნენ ომს და მათთვის სულაც არ იყო ეს პოლიტიკის გაგრძელება, არამედ, ხშირად ცხოვრების წესი, ანდა სულაც საკუთარი არსებობისათვის ბრძოლა. სახელმწიფოს მიერ ამ სოციალური ჯგუფების ფაქტობრივმა განიარაღებამ მოსპო არა მარტო ამ სახის ომიანობა, არამედ სრულიად ახალ სამხედრო კულტურას ჩაუყარა საფუძველი: 1648-1860 წლებში არმიები იძენენ იმ სახეს, რაც მათ დღეს აქვთ. მეტიც, ეს ეხება არა მარტო სამხედრო იერარქიას, არამედ ყველაფერს, რაც ჩვენ ჯარის შესახებ ვიცით: წესრიგი, უნიფორმები, მისალმება, უნიფიცირებული იარაღი, რომლის წარმოებას ასევე სახელმწიფო აკონტროლებს, ბრძოლის ეთიკა, საბრძოლო წყობა და კიდევ ბევრი რამ, რაც ასე ჩვეული გვგონია ამ ეპოქის შედეგია. იარაღის თავისებურება ბრძოლის ველზე სრულიად კონკრეტულ ტაქტიკას განაპირობებს და ის მე-19-ე საუკუნემდე ინარჩუნებს თავს. ეს გახლავთ საბრძოლო მოქმედებების წარმართვა კოლონისა და ხაზის გამოყენებით. ყველაფერ ამას ლინდი და მისი ჯგუფი პირველი თაობის ომს უწოდებს. აქვე ომი იძენს იმ დახასიათებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი გახდა კლაუზევიცისთვის: ომი ხდება პოლიტიკის (საგარეო პოლიტიკის) ინსტრუმენტი. ითვლება, რომ ეს დღესაც ასეა.

თუმცა არენაზე მასიური არმიების გამოჩენა, ხრახნილლულიანი მუშკეტისა და ლულის ჩამკეტი მექანიზმის გამოგონება, ტყვიამფრქვევი და სხვა ტექნოლოგიური ცვლილებები ბზარს აჩენს ბრძოლის ველის მოთხოვნილებას და სამხედრო კულტურას შორის. შედეგად ხდება ტაქტიკის რღვევა და საბრძოლო სივრცეზე ახალი მიდგომები იკავებს ადგილს. თავის კულმინაციას ეს მიდგომები პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო სივრცეზე აღწევს. ამას ლინდი და მისი ჯგუფი მეორე თაობის ომს უწოდებს. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მეორე თაობა პირველს ამთავრებს ისე, როგორც ეს ახალი დროისა და ფეოდალურ ომებს შორის მოხდა. მეორე თაობის ომმა არა მარტო შეინარჩუნა პირველი თაობის ომის ზოგიერთი ნიშანი, არამედ კიდეც გააღრმავა. პირველ რიგში, ეს შეეხო დისციპლინას: საბრძოლო საშუალებების იმ მრავალფეროვნებამ, რაც მეორე თაობის ომის მეთაურის განკარგულებაში აღმოჩნდა და რომელთა ორკესტრირებისა და სინქრონიზაციის დონეზე აღმოჩნდა მიბმული სამხედრო წარმატება, მოითხოვა სრულიად ახალი მიდგომა ბრძანების უმკაცრესად შესრულებაზე. ამ დროიდან ჩნდება, სხვათა შორის, გამოთქმა, რომ ინიციატივა დასჯადია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ნებისმიერ ინიციატივას, რომელსაც მეთაური არ ითვალისწინებდა, შეეძლია დაერღვია სინქრონიზაცია. ლინდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ძირითადად, თანამედროვე სამხედრო დოქტრინები მეორე თაობის ომების აზროვნებას ასახავს:მათი იდეოლოგიური საყრდენი ცეცხლის ძალა და გამოფიტვის სტრატეგიაა. მეორე თაობაში იწყება ასევე ოპერატიული ხელოვნების ფორმალური აღიარებაც. ერთის მხრივ, ის ეყრდნობა ნაპოლეონის კამპანიების პრუსიულ კვლევას, ხოლო მეორეს მხრივ, იმ შესაძლებლობათა გააზრებას, რასაც გვაძლევს რკინიგზისა და ტელეგრაფის სამხედრო გამოყენება. თუმცა, მეორე თაობის ომმა, რომლის კულმინაციური წერტილი პირველი მსოფლიო ომი გახლდათ, თავის წიაღში მესამე თაობის ომი წარმოშვა. დღეს ისინი თანაარსებობენ. თუმცა, დოქტრინა უკვე არა ცეცხლის ძალასა და გამოფიტვას ეყრდნობა, არამედ სისწრაფეს, მოულოდნელობას, მანევრს. სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე თაობის ომი ასევე წარმოადგენს საცეცხლე საშუალების გაზრდილი შესაძლებლობების შედეგს, ცვლილებები, რომელიც ამ საშუალებათა გაჩენამ მოითხოვა, ამჯერად, უპირატესად ტაქტიკურ აზროვნებაში მომხდარი ცვლილებებით აღმოჩნდა განპირობებული. ანუ, მესამე თაობის ომის ხასიათი ტაქტიკისადმი ახალმა კონცეპტუალურმა მიდგომამ განსაზღვრა: პირველი მსოფლიო ომისათვის გერმანელები შედარებით სუსტი ეკონომიკური ბაზით მივიდნენ. შესაბამისად, უპირატესობის მიღწევა მათ მოწინააღმდეგის განადგურების არა სწორხაზოვან სქემებში უნდა ეძიათ, არამედ ენახათ ახალი საყრდენი საბრძოლო სივრცეზე დომინირებისთვის. ასეთი საყრდენი მანევრი აღმოჩნდა, რამაც განსაზღვრა ამ პერიოდის ომების ძირითადი ტაქტიკური შინაარსი. თუმცა, მეორე მსოფლიო ომმა არც წმინდა ტექნოლოგიური მოტივი დატოვა თამაშგარეთ. შედეგად მივიღეთ ბლიცკრიგი, როგორც ჯავშანსატანკო მანევრული ომის ძირითადი და, რაც მთავარია, წარმატებული სტრატეგია. ბლიცკრიგში ხდება გეოგრაფიულ გარემოზე ორიენტირებული ოპერატიული ხელოვნების დროის ფაქტორზე ორიენტირებული პროცესით შეცვლა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დრო ხდება საბრძოლო სივრცეზე დომინირების კრიტიკული ფაქტორი.

ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: თაობების ცვლას ძირითადად ორი გარემოება განაპირობებს. ეს არის ტექნოლოგიური ცვლილება და ცვლილება, რომელიც ბრძოლის წარმოების კონცეპტუალურ ხედვაში ხდება. თანაც, ყოველ შემდგომ ეტაპზე მეორე ფაქტორი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და თავად ხდება როგორც ბრძოლის წარმართვის, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის მამოძრავებელი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შემდეგი, მეოთხე თაობის ომები მთლიანად სააზროვნო კონსტრუქციების შედეგი იქნება?

 

 

ეს კითხვა არც იმდენად სპეკულაციურია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს და არც იმდენად უნაყოფო, რომ დაფიქრებად არ ღირდეს. თუმცა, ახლა, თაობათა დინამიკის კიდევ ერთ თავისებურებას მივაქციოთ ყურადღება: საბრძოლო შესაძლებლობათა ზრდასთან ერთად, განუხრელად იზრდებოდა ის სივრცე, რომელზეც საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა. თუ კი თავიდან ბრძოლის და შედეგად, არა თუ ომის, არამედ სახელმწიფოთა ბედიც, ხშირად რამოდენიმე ჰექტარზე წყდებოდა, მესამე თაობის ომების საბრძოლო სივრცე უკვე სახელმწიფოთა გადაფარვას ახდენდა მათი საზღვაო და საჰაერო სივრცეების ჩათვლით.თუ კი ესეც ტენდენციაა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მეოთხე თაობის ომებშიც შენარჩუნდება. შედეგად, მეოთხე თაობის ომები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან აქტანტები, გლობალური ომები იქნება, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

ახლა ისმის მეტად საინტერესო კითხვა: შეგვიძლია თუ არა გავთვალოთ აღნიშნული შედეგები? სხვა სიტყვებით, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, კონკრეტულად რაზე იმოქმედებს აღნიშნული ვითარება და რა მასშტაბით?

თანამიმდევრობით რომ გავყვეთ იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რასაც ნებისმიერი სამხედრო მოქმედება გულისხმობს, საკმაოდ საინტერესო სურათს დავინახავთ:

პირველი, რაც თვალში საცემია იმ შემთხვევაში, თუ კი სივრცული განშლადობის ტენდეცია იქნება შენარჩუნებული, გახლავთ ის, რომ ფრონტი, როგორც ეს თუნდაც გასულ საუკუნეში ესმოდათ, საკმაოდ პირობით ცნებად იქცევა. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სტაციონარული მართვის ობიექტები რეალურ ეფექტურობას კარგავს.

მეორე –  ამოცანის დასმა: თუ კი მეოთხე თაობის საბრძოლო სივრცე არა ფრონტი, არამედ მთლიანობაში აღებული სივრცეა, ეს ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის მცირე ჯგუფებით მოქმედებისთვის. მაგრამ მაშინ ამ ჯგუფების მეთაურები უფრო მეტად უნდა სარგებლობდნენ  მოქმედების თავისუფლებით სტრატეგიული ჩანაფიქრის ჩარჩოებში. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.

მესამე – უზრუნველყოფა: ამავე გარემოების გამო, აღნიშნული ჯგუფები ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ცენტრალურ მომარაგებაზე, ანუ მათ თავად შეუძლიათ უზრუნველყონ თავისი თავი. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ჯგუფები შორ მანძილებზე მოქმედებენ. სხვა სიტყვებით, ხდება უზრუნველყოფის სისტემის გადააზრება.

მეოთხე – ომის პრინციპები: თუმცა ამ თემაზე საუბარი ოდნავ რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია არ უნდა იყოს მომგებიანი სტრატეგია, ვინაიდან ასეთი თავმოყრა უკეთეს სამიზნეს წარმოადგენს, ან ამ კონცენტრაციაში ახალი შინაარსი უნდა ჩაიდოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა. როგორცა ჩანს, ომის ყველა პრინციპი გარკვეულწილად შინაარსობრივად ახალ ელფერს შეიძენს. ზოგიერთი კი უპირატეს პრინციპად იქცევა. მაგალითად, თუ კი მცირე ჯგუფი საბრძოლო სივრცის დომინანტად ქცევის ტენდენციას ამჟღავნებს, მაშინ მანევრი უნდა იქცეს უმთავრეს დოქტრინულ მოთხოვნად.

და ბოლოს, სამიზნეების შერჩევა: იგულისხმება ე.წ. სტრატეგიული სამიზნეები, ანუ სტრატეგიული დარტყმის ობიექტები, რომელთა ნეიტრალიზაცია ომის მოგების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. წმინდა სამხედრო სამიზნეები, სავარაუდოდ, სამოქალაქო სამიზნეებად უნდა შეიცვალოს, რაც უფრო ეფექტურად გახდის შესაძლებელს საზოგადოების წინააღმდეგობის ნების გატეხვას. ამან კი, შესაძლოა,  შეიარაღებული ძალების კოლაფსი  გამოიწვიოს და მარცხი გარდაუვალი გახადოს.

მაშასადამე, თუ კი მეოთხე თაობის ომი საბრძოლო სივრცის ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს, მაშინ აუცილებლობით მივალთ შედეგამდე, როდესაც ომის წარმოების ტრადიციული ხერხები ძალას კარგავს, ხოლო საბრძოლო სივრცის დომინანტად შეიარაღებულ ადამიანთა მცირე ჯგუფები იქცევა.

საკითხს სხვა მხრიდანაც შევხედოთ: რა ცვლილებებია შესაძლებელი, თუ კი ასევე შენარჩუნდება ტექნოლოგიური პროგრესიც? ანუ, რა ტექნოლოგიები შეიძლება გაჩნდეს უკვე უახლოეს მომავალში და რა ეფექტის გამოწვევა შეუძლიათ მათ?

დღევანდელი გადასახედიდანაც ჩანს, რომ შემდეგი ჩამონათვალი შეუძლებლად არ  გამოიყურება:

  • მართული და მიმართული ენერგია (ელექტრომაგნიტური იმპულსი);
  • უპილოტო საფრენი და სხვა ტიპის კიბერნეტიკული მოწყობილობები;
  • დიდ მანძილებზე სწრაფად გადაადგილების ტექნიკური საშუალებები;
  • შორი მანძილიდან კონტროლის საშუალებები;
  • ინფორმაციული ინვერსია: კომპიუტერული ვირუსები შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მარტო როგორც გონებაზე ზემოქმედების საშუალება, არამედ, როგორც სიცოცხლის ხელყოფის საშუალებაც, და სხვ.

თითოეული მათგანის რეალიზაცია ერთგვარ დაღს დაასვამს საბრძოლო სივრცეზე მოქმედების თავისებურებას. მაგალითად, პირველი საშუალებას იძლევა მსხვილი სამხედრო შენაერთების შეცვლას იმავე ეფექტურობის მქონე (განადგურების შესაძლებლობათა ფლობის აზრით), გაცილებით მცირე შენაერთებით. სწრაფად და შორს გადაადგილების შესაძლებლობა შლის იმ ზღვარს, რომელიც ტრადიციულად ფრონტსა და ზურგს შორის არსებობდა, ხოლო შორი მანძილიდან კონტროლის საშუალებათა უკიდურესად განვითარებამ, შესაძლოა, შეცვალოს თავად თავდაცვის აქამდე არსებული დოქტრინები: ვთქვათ, ძირითადი ხდება დაემალო ასეთ მოწყობილობას. და ა.შ. ყველაფერ ამან შესაძლოა იმოქმედოს არა მარტო საბრძოლო სივრცის მოწყობაზე, არამედ საკუთრივ შეიარაღებული ძალების ორგანიზაციაზე და სხვ.

სხვა საკითხია დროის რა შუალედი გვაშორებს ამ ტექნოლოგიური ნოვაციებისგან. რა დროც არ უნდა იყოს საჭირო, მთავარი ისაა, რომ ეს ტექნოლოგიები განხორციელებადი ან განხორციელების სტადიაში მყოფი ტექნოლოგიებია და მათი მასობრივ მოხმარებაში შემოსვლა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რომელთაგან, სულ ცოტა ორი მეტად მნიშვნელოვანია:

  1.     პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ხელეწიფებათ ომის გამოცხადება და სტრატეგიული მართვა, ერთნაირად კარგად უნდა ერკვეოდნენ როგორც სამხედრო ხელოვნებაში, ისე იმ ტექნოლოგიურ სიახლეებში, რაც სამხედროების ხელში ამ პერიოდისთვის აღმოჩნდება. ეს მეტად რთული კომბინაციაა. მეორე მსოფლიო ომში ატომური ბომბის გამოყენებაზე ტრუმენის მიერ გაცემული თანხმობა, ნაწილობრივ, ატომური იარაღის სრულ შესაძლებლობათა გაუაზრებლობითაც იყო განპირობებული.
  2.     იზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი: თუ დაპირისპირებაში მყოფი მხარეებიდან ერთის ტექნოლოგიური უპირატესობა სახეზეა, ხოლო მეორისათვის ხელმისაწვდომია ბირთვული იარაღი, მაშინ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ის აუცილებლად წავა ამ იარაღის გამოყენებაზე.

ყველაფერი ეს საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც საბრძოლო მოქმედებები უნდა დაიწყოს.

ასევე, შესაძლებელია განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ახალი თაობის ომი ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე, მხოლოდ სააზროვნო პროცესის ხარჯზე განვითარდება.

ბოლო ხუთასი წლის განმავლობაში ომის ხელოვნების განვითარება ძირითადად ევროპული ცივილიზაციის შედეგი იყო. ვინც ამ მიღწევებს ითვალისწინებდა, აუცილებლად წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობდა. მაგრამ დღეს, დასავლეთმა დაკარგა ასეთი მონოპოლია და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამის ძირითადი მიზეზი მისი ტექნოლოგიური უპირატესობებია: აღნიშნული ყოველთვის უბიძგებს დაპირისპირებულ მხარეს გამოსავალი, ანუ ბრძოლაში უპირატესობა, სხვა, უფრო მოქნილ ტაქტიკაში ანდა სრულიად ახალ, არასტანდარტულ სტრატეგიულ გადაწყვეტაში მოძებნოს. გავიხსენოთ რის ხარჯზე დაამარცხეს ლამის ჯოხებით შეიარაღებულმა ვიეტნამელებმა აშშ ჯარები, ანდა რას ემყარებოდა ჩეჩენ პარტიზანთა ხანგრძლივი წინააღმდეგობა ისეთი გიგანტის წინააღმდეგ, როგორც რუსეთია.

ამ კუთხით, კარგი იქნება, თუ განვიხილავთ ტერორიზმს და ვნახავთ, თუ რა ნიშნები ახასიათებს მას, როგორც გარკვეული სპეციფიკის მქონე საბრძოლო მოქმედებას და რამდენად ეწყობა ეს ნიშნები იმას, რაც ჩვენ მეოთხე თაობის ომების შესაძლო მახასიათებლებად მივიჩნიეთ:

  • ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მეოთხე თაობის ომში გაიზრდება მცირე საბრძოლო ჯგუფების როლი სტრატეგიული ჩანაფიქრის ჩარჩოებში. დღეს არსებულ სიტუაციას თუ დავაკვირდებით, თუ დავაკვირდებით ასევე ტერორისტული ქსელის სტრუქტურას, ვნახავთ, რომ ეს განხორციელების პროცესში მყოფი რეალობაა: ტერორისტული ჯგუფები მოქმედებენ დამოუკიდებლად და ადგილზე სიტუაციის მიხედვით, „ზემოდან“ ე.წ. კონტროლის პრაქტიკული ნიველირების ფონზე.
  • საბრძოლო სივრცე ტერორისტული ჯგუფისთვის მაქსიმალურად შეუზღუდავი არეა და ფარავს სამიზნედ არჩეულ საზოგადოებას მთლიანად. სხვა სიტყვებით, ტერორისტი არ არის მიბმული ე.წ. ფრონტის ხაზზე, არამედ მისი სამოქმედო არე ამ წარმოსახვითი ხაზის „უკანაა“. ის ორიენტირებულია არა მოწინააღმდეგის დამარცხებაზე, არამედ თავად საზოგადოების რღვევაზე. ამდენად, ტერორისტული აქტივობა  აქედანვე მიმართულია სამიზნის დამოუკიდებელ, შესაძლებლობის მიხედვით, მეტ-ნაკლებად, თავისუფალ არჩევანზე. ახლა, ამასთან მიმართებაში, თუ გავიხსენებთ, როგორ ხდებოდა თაობიდან თაობაში საბრძოლო სივრცის განზომილების ზრდა, დავრწმუნდებით, რომ ტერორიზმის შემთხვევაში მისი საზოგადოების რღვევაზე მიმართული ქმედება ომის განვითარების ზოგად ტენდენციაში ჯდება.მეტიც, თუ კი ტერორიზმი ომია, ის ომი სწორედ ახალ საბრძოლო სივრცეში ზუსტად შერჩეული პოლიტიკური სამიზნის გამოა ომი.

მართლაც, პირველი თაობის ომების ფოკუსი ტაქტიკურ ფრონტზე მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის განადგურება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე თაობის ომების საბრძოლო სივრცე მოიცავს მოწინააღმდეგის ზურგს, ის, არსებითად რჩება ფრონტზე და სამხედრო ძალებზე ორიენტირებულ აქტივობად, ვინაიდან ზურგი ფრონტის ზურგია და არა ღრმა ზურგი, ანუ გეოგრაფიული სივრცე, რომელიც ფრონტთან უშუალო შეხებაშია. ამ მხრივ, მესამე თაობის ომი მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მის ტაქტიკურ და ოპერატიულ ფოკუსს სიღრმისეული ოპერაციები შეადგენს, და ეს სიღრმე სულაც არ არის ფრონტზე „მიბმული“, ანდა ეს „ბმა“ საკმაოდ პირობითია. სიახლე, რომელიც ტერორიზმს შემოაქვს არის ის, რომ იგი მთლიანად უგულებელყოფს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს, როგორც დარტყმის ძირითად ობიექტს და სამიზნედ სამოქალაქო საზოგადოება აქვს არჩეული. ამით განსხვავდება ის, სხვათა შორის, პარტიზანობისგანაც.

  • და ბოლოს, ტერორისტული აქტი შესაძლებელია მხოლოდ მაღალი მანევრირების ხარჯზე განხორციელდეს.

ახლა ვნახოთ, და ალბათ, საინტერესოცაა, თუ რა არსენალს ფლობს ტერორიზმი? რა არის ის სიახლე, რომელიც მას საშუალებას აძლევს წარმატებით იმოქმედოს პრაქტიკულად გლობალურ სივრცეში?

ერთადერთი, რაც დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, უფრო სწორად, რისი თქმის საშუალებასაც ფაქტიურად იძლევა ის ინფორმაციული ფონი, რომელშიც ვართ და მოვლენები, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, არის ის, რომ ტერორიზმის არსენალში დღეს დღეობით არის ერთადერთი უნივერსალური საშუალება – თავად ადამიანი. ადამიანი, რომელიც ეფექტურად იყენებს განვითარებული საზოგადოების სისუსტეებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ღია საზოგადოების „ღიაობა“. შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმს სინამდვილეში დღეს არც სჭირდება მაღალი ტექნოლოგიები, თუ რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური ამბიციები არ შეიცვალა.

ამგვარად, თუ კი ტერორიზმი ომია, ის სხვა განზომილების ომია და  სწორედ ამიტომაცაა ის წარმატებული. მეტიც, ის წარმატებული იქნება მანამ, სანამ საზოგადოება თავის სამხედრო მოწყობას და შესაბამისად, თავისი თავდაცვის ხედვას არ გადაასხვანაირებს.

 

ავტორი – დავით თევზაძე

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი