ღაზაში სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა დაიწყო

21:39, 10.10.2025

ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში და ორწლიანი ომის დასრულების რეალური შანსი – ომის გამო ღაზიდან გაქცეულები ანკლავში ბრუნდებიან.

ეგვიპტეში მიღწეული ისტორიული შეთანხმება და ტრამპის სამშვიდობო გეგმა ისრაელის მთავრობამ საათების წინ დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე მოქმედებს. შეთანხმების მიხედვით, უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს ყველა ტყვე, რომელიც დღემდე „ჰამასის“ მძევლობაში რჩება. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეში მყოფი 200-ზე მეტი პალესტინელი და ღაზის სექტორში დაკავებული ასეულობით პირი უნდა გამოუშვას. სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალები წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე განლაგდნენ, ანკლავში კი, სადაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა ფართოვდება. ისრაელის პრემიერი ეგვიპტეში ამერიკის, ეგვიპტის, ყატარისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას დიპლომატიურთან ერთად სამხედრო ზეწოლის შედეგად, ომის მიზნებს კი მიღწეულად აცხადებს. ახლა მთელი მსოფლიო გეგმის ყველა პირობის შესრულების მოლოდინშია.

მსგავსი