ერთიანი ეროვნული გამოცდები

უმაღლესმა სასწავლებლებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი დამატებითი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში. მათივე ცნობით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესმა სასწავლებლებმა, რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.