ენერგეტიკული კრიზისი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა – დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსეთს ენერგომატარებლების ექსპორტს და, შესაბამისად, შემოსავლებს უზღუდავს. ნავთობისა და გაზის მილსადენებს რუსეთი გეოპოლიტიკურ ბერკეტებად იყენებს და ომის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნებისგან რუბლებით ანაზღაურებას ითხოვს.

მოსკოვის მიერ წარმოებულმა შანტაჟის პოლიტიკამ, შესაძლოა, ევროპისთვის ნავთობის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი შექმნას ყაზახეთიდან საქართველოს გავლით. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისის ერთადერთი მიზეზი არ არის. სხვა ფაქტორებს შორის სახელდება ბუნებრივი აირის საცავების დაცარიელება და „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ში“ რუსეთის მიერ გაზის მოცულობის შემცირება, რაც ხარჯებსა და ინფლაციას ზრდისა და მომავალი რეცესიის შიშებს აძლიერებს. ევროპა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის.