მოლაპარაკებები შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე

რა ეტაპზეა საქართველოს მონაწილეობით მასშტაბური ენერგოპროექტის დაგეგმვა. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელის მომავალზე დღეს თბილისში ოთხი მონაწილე ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის წარმომადგენლები ერთ მაგიდასთან მსჯელობდნენ. საუბარია თითქმის 1 200 კილომეტრიან კაბელზე, რომლის საშუალებით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს გავლით რუმინეთსა და უნგრეთს მიეწოდება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების და ევროპაში შექმნილი მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ეტაპზე ტექნიკური კვლევები უკვე ჩატარებულია, დარჩენილი კვლევების დასრულება, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი, წლის ბოლოსთვის იგეგმება. დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა. იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებენ, ევროკავშირი უმსხვილესი წყალქვეშა კაბელის რაც შეიძლება სწრაფად გაყვანის მომხრეა.