კვლევის თანახმად, უკრაინაში გამოკითხულთა 50 პროცენტზე ნაკლები ფიქრობს, რომ უკრაინა შეძლებს 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას
კვლევის თანახმად, უკრაინაში გამოკითხულთა 50 პროცენტზე ნაკლები ფიქრობს, რომ უკრაინა შეძლებს 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას

უკრაინაში გამოკითხულ მოქალაქეთა 50 პროცენტზე ნაკლები ფიქრობს, რომ უკრაინა შეძლებს 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას. როგორც უკრაინული მედია წერს, ამას მოწმობს სოციოლოგიური ჯგუფის, „რეიტინგის“ მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანალიზისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დავალებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კერძოდ, სოციოლოგებმა დასვეს კითხვა, როგორი იქნება უკრაინის საზღვრები ომის დასრულების შემდეგ. როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხულ უკრაინელთა 45 პროცენტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო შეინარჩუნებს მთელ თავის ტერიტორიას, რაც ჰქონდა 1991 წელს.

ამავდროულად, შვიდ პროცენტს სჯერა, რომ უკრაინა დონბასს დაიბრუნებს, ხოლო ყირიმს ვერ დაიბრუნებს. ანალოგიურად, შვიდ პროცენტს სჯერა, რომ ყირიმი დაბრუნდება, მაგრამ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიები არ დაბრუნდება. 16 პროცენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ახალ ტერიტორიებს დაკარგავს.

შედარებისთვის, 2023 წლის სექტემბერში უფრო ბევრ უკრაინელს სჯეროდა, რომ უკრაინა შეძლებს, დაიბრუნოს ყველა თავისი ტერიტორია. მაშინ ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 68 პროცენტი იზიარებდა.

ამასთან, უკრაინელების 88 პროცენტს მიაჩნია, რომ ომს უკრაინა მოიგებს. 2023 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 94 პროცენტს სჯეროდა უკრაინის გამარჯვების.