გალის რაიონში მყოფი მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივები ვერ გადმოდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემწეობის მიღებას ვერ ახერხებენ. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, დევნილთა შემწეობის დარიცხვა „ლიბერთი ბანკის“ სოციალურ ბარათზე ხდება, ბოლო დროს კი ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ, მათი დაბლოკვა გამოიწვია. პრობლემის მოსაგვარებლად ბანკში გამოცხადებაა საჭირო, შექმნილ ვითარებაში კი ეს შეუძლებელია. ნანუაშვილი რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მედიკამენტების პრობლემაზეც საუბრობს. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.