ბებუას საქმე

„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენოს. მათი თქმით, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მომხდარიყო მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ოჯახის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაკავებიდან რვა თვის შემდეგაც მას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროშის დაწვის ბრალდებით დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.