აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობა
აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობა

რეგიონალურ სამხედრო მრეწველობაში აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და სომხეთთან შედარებით ახალგაზრდაა, მაინც საკმაოდ მზარდი და სერიოზული პოტენციალის მქონდე კონკურენტია. 2018 წელს ბაქოში შედგა სამხედრო მრეწველობის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „ADEX 2018“, რომელიც ბაქოსთვის  უკვე მესამე იყო. მასში მონაწილეობა 29 ქვეყნის 224-მა კამპანიამ მიიღო, რომელთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი იარაღის მწარმოებლები, როგორიცაა „Aselsan“, „CETC“, „ Damen“, „MBDA“, „Norinco“, „IAI“, „Roketsan“, „Rosoboronexport“, „Thales“, „MIG“, „TUSAŞ“, „Aeronautics Group“ და სხვ. ცალკე იყო წარმოდგენილი თერთმეტი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ისრაელი, ირანი, ჩინეთი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, საფრანგეთი და უკრაინა.  ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ADEX 2018“  აზერბაიჯანის  სამხედრო მრეწველობის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს.

როგორც უკვე აღინიშნა, აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობა შედარებით ახალგაზრდაა: 2005 წელს იქმნება თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო და დარგიც, რეალურად, აქედან იღებს სათავეს. 2007-2016 წლები განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა: ამ წლებში ხდება არა მარტო პროდუქციის გამრავალფერონება, არამედ  იარაღის საკმაოდ მნიშნველოვან მწარმოებლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება და საგარეო ბაზარზე გასვლა. 2017 წლიდან აზერბაიჯანი საკუთარ პროდუქციას აწვდის 10-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორისაა თურქეთი, ერაყი, პაკისტანი და იორდანია. აზერბაიჯანულ წყაროებში, მიწოდების სახელმწიფოებს შორის, ასევე მითითებულია საქართველოც.

2009 წლიდან აზერბაიჯანი იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას  თურქეთთან და თურქულ „Roketsan“-თან ერთად ქმნის რაკეტების გამშვები სისტემების მწარმოებელ ერთობლივ საწარმოს. 2020 წლისათვის იგეგმება შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტების წარმოებაც. ამავდროულად, აზერბაიჯანმა მიიღო მოწვევა მონაწილეობა მიიღოს თურქულ ეროვნულ პროექტებში, როგორიცაა ტანკ „Altay“-ის შემუშავება

2017 წლიდან,  ერთობლივი საწარმო იქმნება სამხრეთ აფრიკასთან და ამ თანამშრომლობის შედეგად, გამოჩნდა მსუბუქი, ნაღმებისადმი მდგრადი ჯავშანმანქანა „Tufan“, რომლის სერიული წარმოება 2018 წლიდან უნდა დაწყებულიყო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორი ბაქოსათვის ხდება ისრაელი, რომელიც , პირველ რიგში, ჩართულია აზერბაიჯანის შეიარაღების მოდერნიზაციაში. 2012 წელს აზერბაიჯანმა ისრაელთან გააფორმა $1.6 მილიარდიანი კონტრაქტი უპილოტო საფრენი საშუალებებისა და ანტისარაკეტო სისტემების შესაძენად. 2012-16 წლებში აზერბაიჯანი, თავდაცვის სფეროში, ხდება ისრაელის მეორე (ინდოეთის შემდეგ) ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევათა ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობამ $4.85 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

ამჟამად ითვლება, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება წარმოადგენს აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიის სფეროს : 2010-2014 წლებში აზერბაიჯანი  მსოფლიოში დრონების მეოთხე იმპორტიორი იყო და მიაღწია მსოფლიო მიწოდებების 7.8%-იან ნიშნულს.  2016-ში, ე.წ. ოთხდღიანი ომისას, დრონები პირველად იქნა გამოყენებული როგორც კამიკაძეები მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემების წინააღმდეგ. ამიტომ, 2016 წლიდან , ისრაელის  „Aeronautics Defense Systems“ -ის ლიცენზიით, აზერბაიჯანი იწყებს საკუთარი უპილოტო საფრენი შეიარაღებული პლატფორმების შექმნას.

ზოგადად, აზერბაიჯანის სამხედრო-სამრეწველო ორმხრივი თანამშრომლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ისრაელი – მოდერნიზაცია და სამხედრო ტექნიკის წარმოება;
  • პაკისტანი – სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვებისა და საავიაციო ბომბების წარმოება;
  • რუსეთი – ავტომატური შაშხანების წარმოება;
  • თურქეთი – სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია და წარმოება. პარტნიორები: „Aselsan“, „FNSS“, „Selex“, „MKEK“ და „Roketsan“;
  • უკრაინა – სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია;
  • სამხრეთ აფრიკა – სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია და წარმოება;
  • გერმანია – თანამშრომლობა კონცერნ „Rheinmetall“-თან.

სამხედრო მრეწველობის  განვითარებისათვის, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, აზერბაიჯანში სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა. ძნელი სათქმელია, კიდევ რა მიმართულებით იგეგმება განვითარება, თუმცა უკვე არსებული წარმოება და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამხედრო მრეწველობის რეგიონული კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.