ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისმა მოადგილემ „როიტერსს“ განუცხადა, რომ ასევე დაკავებულია პარტიის ორი წევრი. ჩხრეკა კი პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლშიც ჩატარდა. როგორც „როიტერს“ წყარომ განუცხადა, საქმე ეხება აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ყოფილი მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩხრეკის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.