აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ შედგება
  • აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ შედგება, – ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს. წერილში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის ბოლო განცხადებები სიბრაზესა და ღია მტრობას შეიცავს, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის გამართვას ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნევს.
  • ევროკავშირი რუსეთს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარზე, გამოძიების კითხვებს რუსეთმა არ უპასუხა.
  • რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი იულია სააგენტო “როიტერს” ესაუბრა.

    იულია სკრიპალის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის საელჩოს მიერ შეთავაზებული დახმარებით სარგებლობა არ სურს. მან საზოგადოებას მოუწოდა პატივი სცენ როგორც მის, ასევე მამამისის პირად ცხოვრებას გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესის დროს.

    “დიდ ბრიტანეთში 3 მარტს მამას მოსანახულებლად ვეწვიე. კომაში გატარებული 20 დღის შემდეგ გამოღვიძებულმა კი შევიტყვე, რომ ორივე მოგვწამლეს”,- აცხადებს იულია სკრიპალი.