იტალიაში ხიდის ჩანგრევისას ათობით ადამიანი დაიღუპა

გენუას მერიამ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„გენუას მერია თანაგრძნობის, სოლიდარობის და საკუთარი მოსახლეობის გვერდში დგომის ნიშნად 15 და 16 აგვისტოს სამოქალაქო გლოვის დღეებად აცხადებს“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქის მერმა კი ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხიდის ჩამონგრევა მოულოდნელი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მარკო ბუჩიმ CNN-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ხიდთან დაკავშირებით შესაძლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, თუმცა როგორც ქალაქის სხვა მცხოვრებლებისთვის, მისთვისაც ხიდის ჩამონგრევა სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 35-ია. დაშავებულია მინიმუმ 13 ადამიანი. 20-მდე პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.