აფეთქება დიღმის მასივში

დიღმის მასივში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის ისევ სტაციონარში იმყოფებიან. მათ შორის არის შვიდი თვის ბავშვი, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს კი, რომელიც აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდა, დამწვრობა აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ბინა გაქირავებული იყო. მათ გაზის სუნი იგრძნეს, „ყაზტრანსგაზში“ დარეკეს, მაგრამ მათივე ინფორმაციით, ადგილზე არავინ მისულა. აფეთქება კი სწორედ ამის შემდეგ ცოტა ხანში მოხდა.

„ყაზტრანსგაზი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტებას აკეთებს. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, „ყაზტრანსგაზმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აფეთქება ექსპლუატაციის წესების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა კორპუსის მდგომარეობის შესახებ.

როდის შეძლებენ მობინადრეები ბინებში შესვლას, ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

თემის დეტალები „მოამბეში“.