აფეთქებას ბოჭორმის ქუჩაზე სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამი დაღუპული და სამი დაშავებული, – თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ასევე უწყების თანამშრომელია ორი დაშავებული პირი, კიდევ ერთი დაშავებული კი მაღაზია „ბეთლგრაუნდში“ მუშაობდა. სწორედ ამ დაწესებულებაში იყო განთავსებული სასროლეთი, სადაც აფეთქება მოხდა. სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. ექიმის ინფორმაციით, მათგან ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე დაახლოებით დღის 12:00 საათისათვის მოხდა. შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის დაუდგენელია. გამოძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. საპოლიციო მოქმედებები ბოჭორმის 12 ნომერში ჯერ ისევ გრძელდება. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.