ვეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო - „ნიუ იორკ პოსტის“ ინტერვიუ მამუკელაშვილთან [ვიდეო] #1TVSPORT
ვეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო - „ნიუ იორკ პოსტის“ ინტერვიუ მამუკელაშვილთან [ვიდეო] #1TVSPORT

რამდენიმე დღეში NBA-ის დრაფტი გაიმართება, სადაც საუკეთესო ლიგაში სათამაშოდ 60 კალათბურთელს აირჩევენ. სიაში 22 წლის სანდრო მამუკელაშვილიცაა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე „ნიუ იორკ პოსტთან“ ძალიან საინტერესო და ემოციური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

– NBA-ში მოთამაშე კალათბურთელებიდან, რომელიმეს აზროვნების არჩევა რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდი?

– კობი ბრაიანტის. მენტალიტეტის შესახებ გავესაუბრებოდი, ვკითხავდი, რანაირად მიაღწია იმ დონემდე, სადაც იყო და რისი დათმობა მოუწია. როგორ უნდა ვვაზროვნებდე ლიგაში ყოფნის დროს და როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემ თავს, რომ გავხდე როტაციის მოთამაშე და შემდეგ მოვხვდე სასტარტოში, რომ უფრო დიდი როლი მქონდეს გუნდში. ვფიქრობ, დარბაზის მიღმაც მისი გონიერება მჭირდება.

– როგორ დაახასიათებდი შენ მენტალიტეტს დარბაზში?

– ვგრძნობ, რომ კონკურენტუნარიანი ვარ, შესაბამისად ჩემი მენტალიტეტი მოედანზე გასვლა და გამარჯვებაა, რაც არ უნდა მოხდეს დავეხმარო ჩემ თანაგუნდელებს, რომ ვიყოთ უკეთესები. ვფიქრობ, რომ მამბას მენტალიტეტი მაქვს და ყოველთვის მსურს მოწინააღმდეგე გავანადგურო, განადგურებაში კი მასზე უკეთესად ვარჯიშს, ბურთის მოხსნას და ისეთ რაღაცებს ვგულისხმობ, რაც დაეხმარება ჩემს გუნდს გამარჯვებაში. შეიძლება ერთი ან ორი სროლა გავაფუჭო, მაგრამ მცდელობას არ მოვაკლებ, რომ დავეხმარო ჩემს გუნდს მიზნის მიღწევაში.

– შეგვიძლია ამას მამუს მენტალიტეტი დავუძახოთ?

– ზუსტად.

– რა გაძლევს მოტივაციას?

– NBA და „სეტონ ჰოლი“ მაძლევენ საშუალებას, რომ ხმა მივაწვდინო ისეთ ბავშვებს, რომლებიც ზუსტად იგივე გზას გადიან, როგორსაც მე. განსაკუთრებით კი ქართველ ბავშვებს, რომლებსაც დიდი შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ ცდილობენ, რომ ყველაფერი კარგად გამოუვიდეთ. სწორედ მაგალითად ყოფნა და იმედის მიცემა მაძლევს მოტივაციას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ წარიმართება ცხოვრება, მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი სიტყვა შევასრულო და ვიყო კარგი ადამიანი, რადგან კარგ ადამიანად ყოფნა და დადებითი ენერგიის გავრცელება ყოველთვის დამეხმარება. მოტივაციას ჩემი მშობლებიც მაძლევენ, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ჩემთვის.

– შენი ქვეყანა რომ ამაყობდეს, ესეც მოტივაციის ნაწილია?

– ახალგაზრდა თაობის დახმარება, სწავლება და გაძღოლა საქართველოს დაეხმარება უფრო მეტი ათლეტის გაზრდაში, რწმენასა და ოცნების ასრულებაში.

– განსაკუთრებით რითი ამაყობ ქართველების ცხოვრებიდან?

– ქართველები ნამდვილი მეომრები არიან და მათ უყვართ შრომა. როცა ვინმეს ვხვდებით და ჩვენს სახლში მოდიან, ვცდილობთ, გავუმასპინძლდეთ და კარგი დრო გავატაროთ მათთან ერთად. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დიდი გული გვაქვს.

– რამდენად ხშირად დადიხარ საქართველოში?

– ვცდილობ, რომ ზაფხულობით ჩავიდე. სამი წელია იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ შემდეგ წელს ჩასვლას ვფიქრობ.

– როგორი იყო შენთვის ის პერიოდი, როდესაც გაიგე, რომ მამას სიმსივნე ჰქონდა?

– ჩემი ოჯახი ამას საკმაოდ დიდი ხანი მიმალავდა. ისინი უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ ავად იყო. იმ დროს ზოგჯერ მამიდაჩემთან ვცხოვრობდი, ზოგჯერ ჩემი მეგობრის სახლში ან ბებიაჩემთან. ვგრძნობდი, რომ ცდილობდნენ მაქსიმალურად პოზიტიურები ყოფილიყვნენ. მამაჩემი ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ, ის ნამდვილი მეომარია. სუსტად იყო, მაგრამ ცდილობდა ენახებინა, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ ეს უბრალო ავადმყოფობაა, რომელიც მალე გაივლის და მოგვიანებით მითხრეს, რაც სჭირდა. როცა პირველად გავიგე, შეშინებული ვიყავი, მაგრამ დედაჩემი ძლიერი ადამიანია და ერთი წამითაც არ გვაფიქრებდა, რომ მამას რამე დაემართებოდა. ის ყოველთვის ზურგს უმაგრებდა მამაჩემს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა მომხდარიყო.

– ჰოლივუდური დასასრული იყო, როდესაც „ბატლერს“ გადამწყვეტი ბურთი ჩაუგდე და ამ დროს მამაშენი ტრიბუნებზე იმყოფებოდა.

– ასეც იყო. ამ მომენტის აღწერას ვერ შევძლებ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამდენი ხანი ტრავმირებული ვიყავი. პირველ რიგში, მადლობელი ვარ მთავარი მწვრთნელის, კევინ ვილარდის, რომელიც მენდო და ბოლო სროლა შემასრულებინა. როდესაც მან გვაჩვენა კომბინაცია, ვთქვი, რომ ამ სროლას წარმატებით შევასრულებდი და როცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, უბრალოდ გავხედე მამაჩემს და ვუყურებდი მას, ის ჩემზე მიანიშნებდა, მე კი მასზე. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე საამაყო დღე მისთვის. ინტერვიუს დროს ჩემ უკან იდგა და თქვა – „საქართველოში ტელევიზორში არ გამოვჩენილვარ, მაგრამ ამერიკაში უკვე გამოვჩნდი“, – ძალიან სასაცილო იყო.

– რა გრძნობა იყო შენთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში?

– ეს დიდი პატივი იყო. როცა ვიზრდებოდი, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და ყველა მსგავს მოთამაშეს ვაღმერთებდი. თამაშების დროს ტრიბუნებზე ვიჯექი და მათ ვუყურებდი, შემდეგ კი მივდიოდი და საქართველოს ნაკრების მაისურით მეც ვთამაშობდი. მე ყოველთვის წარმოვიდგენდი თავს ნაკრებში და დიდი პატივი იყო ჩემი ქვეყნის სახელით თამაში.

– 2008 წელს, რუსეთი-საქართველოს ომის დროს ჩიკაგოში, დეიდაშენთან ერთად ცხოვრობდი..

– ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი თუ რამდენად ცუდი იყო ეს. მაგრამ როდესაც საქართველოში დავბრუნდი მოვისმინე სხვადასხვა ისტორიები, მაგალითად როგორ მიდიოდნენ ომში ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც არ იცოდნენ იარაღის ხმარება. დღეს კი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და მათ შორის საქართველოს ულამაზესი მხარეებია.

– შენ თავს რომელ კალათბურთელს შეადარებდი?

– ტონი კუკოჩს, ის ჩემი საყვარელი მოთამაშეა. 209 სანტიმეტრის კალათბურთელი იყო, რომელსაც ყველა უნარი ჰქონდა. ვგრძნობ, რომ ყოველთვის ვცდილობ მის მსგავსად ვითამაშო.

– კუკოჩის და კობის გარდა, სხვა ვინ მოგწონს?

– ლებრონ ჯეიმსი, ბენ სიმონსი, ნიკოლა იოკიჩი, შაკინ ო’ნილი, მეჯიქ ჯონსონი, კევინ დურანტი, კევინ გარნეტი, მათი პოსტერები ოთახში პატარა რომ ვიყავი ყოველთვის მქონდა და მგონი ახლაც მაქვს.

– მაიკლ ბისლი და ენტონი დევისიც არიან მგონი მაგ სიაში. სხვა ვინმე ხომ არ აკლია?

– არა. ჩემი აზრით, სოლიდური სიაა.

– ლამარ ოდომი?

კი, ლამარ ოდომიც.

– და დომანტას საბონისი?

– დიახ. მე ვცდილობ ის შევისწავლო და მისი თამაშის სტილი ჩემსას შევურიო. საბონისი ძალიან მომწონს.

– შენი თამაშის სტილს როგორ აღწერდი?

ვგრძნობ, რომ ცოტ-ცოტა ყველაფრის კეთება შემიძლია, მაქვს პასი და ჭკვიანურად ვთამაშობ.

– შენ ერ ჯეი ბარეტთან ერთად მონტვერდის აკადემიაში თამაშობდი..

– ჩემი აზრით, მას უდიდესი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ ის ერთ დღეს უმაღლესი დონის მოთამაშე გახდება.

– პირველი რაც მოგაფიქრდება: კევინ ბოილი.

– ერთ-ერთი ჩემი მენტორი და დიდებული მწვრთნელი.

– შენი საყვარელი სპორტსმენები.

– რონალდინიო, სერხიო რამოსი, რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი.

– გაიხსენე სამი რამ „სეტონ ჰოლიდან“.

– Big East-ის რეგულარული სეზონის მოგება, მამაჩემის თვალწინ გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება „ბატლერის“ წინააღმდეგ, Big East-ის საუკეთესო კალათბურთელის პრიზის მიღება.

– დაახასიათე მაილს პაუელი.

– ის დარბაზში ძალიან მონდომებული იყო, უნდოდა გამარჯვება და იყო კონკურენტუნარიანი. თუ ცუდი თამაში გექნებოდა, მოვიდოდა და გეტყოდა, რომ ყველაფერი კარგადაა.

– დაახასიათე მწვრთნელი ვილარდი.

– ის თავისი საქმის ძალიან ერთგულია. მახსოვს, როცა ერთხელ დილით ადრე მის ოფისში მივედი, გაშლილი საწოლი დამხვდა. მან ღამე რაღაცები გვასწავლა და ოფისში დარჩენა უნდოდა. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარება. დიდებული მწვრთნელია, რადგან ჩვენ აზრებსაც ითვალისწინებს და ვფიქრობ, რომ გვეხმარება ვიყოთ უკეთესი ადამიანები.

– გაიხსენე შენი პირველი თამაში „მედისონ სქვერ გარდენში“.

– ტეხასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ჩავატარე პირველი შეხვედრა, მაშინ ჩემი პირველი წელი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველას ვეკითხებოდი, რამდენად კარგად ვთამაშობდი. ძალიან ბევრი ემოცია მეუფლებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ბევრი არ მითამაშია, მაგრამ ატმოსფერო, განათებები, როცა იქ გადიხარ, გრძნობ, რომ მსოფლიოს უდიდეს სცენაზე დგახარ.

– პოსტს, სადაც ეწერა – „შენზე უკეთესი 30 კალათბურთელი ამ დრაფტზე არ არის“, – შენ უპასუხე, – „საუკეთესო პოსტი, რაც 1999 წლის შემდეგ მინახავს“..

– ამბიციური არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე ვარ ამ დრაფტზე. ვფიქრობ, რომ ტოპ-30-ში უნდა ვიყო. როგორც არ უნდა ჩაიაროს, მადლობელი ვიქნები. ჩემ ოჯახთან ერთად გავატარებ დროს და სიამოვნებას მივიღებ. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ.

– განაწყენებული იქნები თუ მეორე წრეში აგირჩევენ?

– არა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ღამე როგორ ჩაივლის. ჩემი ოჯახისთვის დღესასწაული იქნება. ბევრი „ვორქაუთი“ მქონდა და ჩემზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთე.

– წარმოიდგინე NBA-ის გენერალური მენეჯერი ვარ, მითხარი რატომ უნდა აგიყვანონ დრაფტზე.

– უნდა ამიყვანო, რადგან, ჩემი აზრით, ბევრი ვარჯიში შემიძლია, გუნდური, პოზიტიური, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი მოსმენაც ვიცი, რადგან ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც თავისი უარყოფითი მხარეების განვითარება უნდა. ჩემი მიზანი განვითარება და ტიტულის მოპოვებაა. ამ მოგზაურობაში კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

– როგორ ჩაიარა შენმა ვარჯიშმა „ნიქსში“?

– ძალიან კარგად.

– როგორ ჩაიარა შენმა ვარჯიშმა „ნეთსში“?

– სიმართლე რომ გითხრა, აქაც ძალიან კარგად.

– შესაძლებელია თუ არა, რომ ითამაშო „ნიქსში“ ან „ნეთსში“?

– დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ნებისმიერ გუნდში.

– რას ფიქრობ ჯეიმს ჰარდენის წვერზე?

– მეც დიდი წვერი მაქვს. იმედია, მას კარიერულად შევეჯიბრები.

– ჩამოთვალე სამი ადამიანი, ვისთან ერთადაც ისადილებდი.

– მაიკლ ჯორდანი, ალექსანდრე მაკედონელი 30 წლის ასაკში, რომელსაც ისტორიაში უდიდესი იმპერია ჰქონდა შექმნილი და მიქელანჯელო.

– საყვარელი ტელესერიალები.

– „სოპრანოს კლანი“, „ვიკინგები“, „უკანასკნელი სამეფო“.

– საყვარელი მამაკაცი მსახიობი.

– დენზელ ვაშინგტონი.

– საყვარელი ქალი მსახიობი.

– ზოი სალდანა.

– საყვარელი მუსიკოსი.

– ბიგი სმოლსი.

– საყვარელი ქართული რესტორანი.

– „ჭამა მამა“. როცა იქ მოხვდები, უნდა მიირთვა, რაც შეიძლება მეტი და არ ინანებ.

 

სანდრო მამუკელაშვილს „სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში, წინა სეზონში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მან საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 პასი დააგროვა, პერიმეტრიდან კი 33.6 პროცენტით ისროდა. ქართველი კალათბურთელი ამერიკული გამოცემების წინასადრაფტო სავარაუდო სიებში ბოლო დროს თითქმის ყოველთვის ხვდება და იმედია, მომავალი სეზონიდან მას NBA-ში ვიხილავთ.

 

დატოვე კომენტარი