დრაფტის ღამე განსაკუთრებული იქნება - ამერიკული გამოცემის ვრცელი ინტერვიუ მამუკელაშვილთან #1TVSPORT
დრაფტის ღამე განსაკუთრებული იქნება - ამერიკული გამოცემის ვრცელი ინტერვიუ მამუკელაშვილთან #1TVSPORT

NBA-ის დრაფტის დაწყებამდე, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან ცოტა დღე რჩება. 29 ივლისის ღამეს 60 მოთამაშის სახელი გამოცხადდება და იმედია, მათ შორის ორი ქართული იქნება.

დრაფტამდე რამდენიმე დღით ადრე USA Today-მ მამუკელაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 22 წლის კალათბურთელი სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს.

 

USA Today-ს ინტერვიუ მამუკელაშვილთან

„სანდრო მამუკელაშვილი წინასადრაფტო პროცესს შეუერთდა. ის ცდილობს  NBA-ის გუნდებს დაანახოს, რომ იმსახურებს 29 ივლისის დრაფტზე მისი სახელის გამოცხადებას. „სეტონ ჰოლის“ ფორვარდი ძალიან ახლოსაა ოცნების ასრულებასთან.

მამუკელაშვილი, რომელიც საქართველოში გაიზარდა, წინა სეზონში Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ის საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 2.2 პასსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.

211 სანტიმეტრის მოთამაშემ წინა სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა და მისი საშუალო სტატისტიკა 11.9 ქულიდან 17.5 ქულამდე გაიზარდა.

„მეკობრეებთან“ ერთად ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მამუკელაშვილი NBA-ში გადასვლისთვის ემზადება. საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად ის მაიამიში დღეში სამჯერ ვარჯიშობდა.

სეზონის შემდეგ ვარჯიშით, მისი მოძრაობა და სროლა უფრო დაიხვეწა, დაცვითი უნარები კი გაუმჯობესდა, რაც მან NBA-ის გუნდებს ვარჯიშებზეც აჩვენა.

ვარაუდობენ, რომ მამუკელაშვილს​ დრაფტის მეორე წრეში აირჩევენ. მიუხედავად ამისა, 22 წლის კალათბურთელი წინასადრაფტო სავარაუდო სიებს ყურადღებას არ აქცევს.

– ნერვიულობ თუ არა დრაფტის გამო?

– ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ ძალიან არა. ჩემი მშობლები ჩამოდიან მაგ დროს ორი დღით და ამ ყველაფრის გამო ოდნავ ვნერვიულობ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი რიგზეა.

– იქნება თუ არა შენთვის შვება, როცა წინასადრაფტო პროცესი დამთავრდება?

რა თქმა უნდა! დრაფტის პროცესი წელს შედარებით უფრო გრძელი იყო. სხვადასხვა გუნდებში ვარჯიში და მათგან შეფასებების მოსმენა ამაღელვებელი პროცესია, მე კი უბრალოდ მინდა, რომ გავიგო კარიერას სად გავაგრძელებ. მადლობელი ვარ, ახლა სადაც ვარ იმით, რადგან ბევრი ქართველი ამ ეტაპზე არ ყოფილა და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და გავდივარ ამ წინასადრაფტო პროცესს.

– საიდან ჩამოდიან შენი მშობლები?

– საქართველოდან მოდიან და ერთი სული მაქვს როდის შევხვდები, რადგან დიდი ხანია ისინი არ მინახავს.

– როგორია შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდა?

– სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი Excel Sports Management-თან გავაფორმე. ამის შემდეგ კი სულ ვვარჯიშობ, რომ გავხდე უკეთესი და ვითამაშო NBA-ში. მაიამიში გადავედი და იქ დღეში 3-ჯერ ვემზადები. ვფიქრობ, რომ Ecxel-ის მხრიდან კარგი ნაბიჯი იყო ჩვენს სისუსტეებზე ყურადღების გამახვილება და მათი გაუმჯობესება. დარბაზშიც და მის გარეთაც არაჩვეულებრივი მწვრთნელები გვყავს, რომლებიც გვეხმარებიან მენტალურად და ფიზიკურად განვითარებაში.

– ვინ არიან მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც ვარჯიშობ?

– მარკუს ზეგაროვსკისთან, ეიჯეი ოუსონთან, ტრეი მერფისთან, აიო დოსუნმოსთან, რომელო უაიტთან, ალპირენ შენგუნთან და ფილიპ პეტრუსევთან ერთად ვვარჯიშობ. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. მე მათ როგორც ოჯახს ისე ვუყურებ, რადგან ამ ყველაფერს ერთად გავდივართ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში, რომ პარკეტზე ერთმანეთს კონკურენცია გავუწიოთ.

– რას ფიქრობ მარკუს ზეგაროვსკის შესახებ?

– ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ზეგაროვსკი მშრომელია და ყოველთვის მართალია საკუთარ თავთან და თამაშთან. როგორც იცით, მე და მარკუსი ერთმანეთის მიმართ კარგად არ ვიყავით განწყობილები, რადგან მე „სეტონ ჰოლში“ ვთამაშობდი, ის კი „კრეიტონში“. მე მას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ როცა უკეთ გავიცანი მეგობრები გავხდით. ის დიდებული ადამიანია.

– რამდენად განვითარდი მას შემდეგ, რაც აქ დაიწყე ვარჯიში?

– ვგრძნობ, რომ ჩემი სროლა უფრო სტაბილური გახდა. ვფიქრობ, კარგად ვმოძრაობ. დარბაზის გარეთ ბევრს ვვარჯიშობდი, რომ დაცვაში გავძლიერებულიყავი, რასაც ბევრი ადამიანი ყურადღებას აქცევდა.

– რას ნიშნავს შენთვის Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელობა?

– სადებიუტო წელს ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ წუწუნის ნაცვლად, გადავწყვიტე დარბაზში უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი და უფრო მეტი მევარჯიშა. მწვრთნელი ჩემში დარწმუნებული იყო და მითხრა, რომ ჩემი სჯეროდა. თუ ჩემ სტატისტიკას ნახავთ ის იზრდება – 2.6 ქულა, 8.9 ქულა, 11.9 ქულა, 17.5 ქულა. ვფიქრობ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვვითარდებოდი. ჩვენ როგორც გუნდს, ასევე ინდივიდუალურადაც გვქონდა მიზანი და ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო.

– შენ ახსენე დიდი ნახტომი კოლეჯთა ლიგაში. შენი აზრით, რა დაგეხმარა ამაში?

– პირველ რიგში, მოსმენა. ვუსმენდი მოთამაშეებისა და მწვრთნელების რჩევებს, რომლებიც ჩემამდე იყვნენ და ეს ძალიან დამეხმარა. პლუს, შესვენების დროს პენსილვანიაში ვიყავი იზოლირებული, კაბინაში ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, ვუყურებდი ფილმებს და დილაობით დავრბოდი. პანდემიის დროს სპორტდარბაზები დაკეტილი იყო, შესაბამისად ჩემი მწვრთნელი და მე ყოველდღე გარეთ ვვარჯიშობდით. ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ირმები, PS4 და ჩემი ძმა. არავის უნდოდა ჩემთან მოსვლა, რადგან ძალიან შორს ვცხოვრობდი, შესაბამისად გამოკეტილი ვიყავი ჩემს ძმასთან და კალათბურთთან ერთად. პანდემია ძალიან ცუდი რამ იყო, მაგრამ ის დამეხმარა კონცენტრირებაში.

– წინა სეზონში შენი წარმატებული ასისტების პროცენტული მაჩვენებელი 20.6 იყო, რაც მძიმე ფორვარდებს შორის მე-13 საუკეთეო შედეგია ქვეყანაში. როგორ ახერხებ სხვების ჩართვას თამაშის დროს?

– ტონი კუკოჩის, ნიკოლა იოკიჩის, ლამარ ოდომისა და სხვა მსგავსი კალათბურთელების ფანი ვარ. მინდა ისეთი მოთამაშე ვიყო, რომელსაც ყველა უნარი ექნება განვითარებული. ევროპაში გავიზარდე, სადაც გუნდურ კალათბურთს გასწავლიან. ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე პასებია, შესაბამისად ვცდილობ ეს მაქსიმალურად გამოვიყენო და ჩემი თანაგუნდელები კარგ პოზიციებზე ყოფნის დროს მოვამარაგო.

– რას ფიქრობ, როგორ შეიძლება შენი თამაშის უფრო განვითარება?

– ვფიქრობ, რომ შემიძლია ვიყო ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფლანგებზე თამაში, სამქულიანების სროლა და მთავარი მოთამაშეების პრესინგი შეუძლია. რაც შეეხება დაცვას, ამ კუთხით ვიზრდები. მე უბრალოდ უნდა ვიპოვო ჩემი როლი გუნდში, რომ მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო.

– რამდენი „ვორქაუთი“ გქონდა და რის ჩვენებას ცდილობ გუნდებისათვის?

– 11-12 „ვორქაუთი“ მქონდა  და კიდევ სამი დამრჩა. ვცდილობ ვაჩვენო, თუ როგორი კონკურენტუნარიანი ვარ და როგორ კარგად შემიძლია ბურთის ტარება. მინდა დავამტკიცო, რომ დაცვაში უკეთესი ვარ, ვიდრე ეს ჰგონიათ. დიდი ალბათობით, გუნდებს უკვე ნანახი აქვთ ჩემი თამაში, იციან ჩემი უარყოფითი და დადებითი მხარეები, შესაბამისად უბრალოდ ვცდილობ ჩემი თამაში ვაჩვენო.

– არის თუ არა შენთვის მოტივაცია ის, რომ ისეთ მოთამაშეებთან ერთად გიწევს ვარჯიში, რომლებიც დრაფტზე, შესაძლოა, შენამდე აირჩიონ?

– 100%. მე ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არც ვუყურებ რეიტინგს და არ ვიცი რომელი მოთამაშეები მისწრებენ. გავაგრძელებ ვარჯიშს, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიქნები და ყველას დავუმტკიცებ რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ჰგონიათ. შესაბამისად ასეთ მოთამაშეებთან სავარჯიშოდ უფრო მონდომებული შევდივარ.

– სად ხედავ შენ ადგილს დრაფტზე?

– ვეცდები რეალობას არ მოვწყდე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მეორე წრეში არჩევა მეკუთვნის, მაგრამ, ჩემი აზრით, სადღაც შუაში.  დრაფტის სავარაუდო სიებს არ ვუყურებ. ბევრი მოთამაშე ამ რეიტინგებს უყურებს და ნერვიულობს, მე კი ეს მოტივაციას მაძლევს.

– როგორი გინდა რომ იყოს გუნდი, რომელიც აგირჩევს?

– მსურს ვიყო გუნდში, რომელიც დამიჯერებს და დამეხმარება განვითარებაში. მინდა ვიყო გუნდში, რომელსაც ესმის რა შემიძლია შევმატო მათ და დამეხმარებიან, რომ გავხდე უკეთესი.

– როგორც აღნიშნე შენი მშობლები ჩამოფრინდებიან. რა გეგმები გაქვთ დრაფტის ღამეს?

– არაფერი სერიოზული. ჩემს დეიდასთან მივალ, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს.  ჩემს ოჯახს მოვინახულებ და რამდენიმე მეგობარს, რომლებიც ნიუ იორკში ცხოვრობენ. ყველანი შევიკრიბებით და დაველოდებით ზარს, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება. როგორც არ უნდა დამთავრდეს დრაფტი, ეს აღსანიშნავი იქნება, რადგან ჩემი მშობლები იქნებიან და ამ მომენტზე დიდი ხანია ვოცნებობ. ეს განსაკუთრებული ღამე იქნება.“