მამუკელაშვილის „ტორონტოს“ და ბითაძის „ორლანდოს“ გადამწყვეტი თამაშები ელით #1TVSPORT
მამუკელაშვილის „ტორონტოს“ და ბითაძის „ორლანდოს“ გადამწყვეტი თამაშები ელით #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის პირველი ეტაპის მეექვსე შეხვედრა საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდთან, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა, 79:93 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 3:3.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 13 წუთი დაუთმო – ბითაძის ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანები ბანკერო და ბეინი იყვნენ 17 ქულით. რაც შეეხება „დეტროიტს“, გუნდს ლიდერად კანინგემი მოევლინა – მან მატჩი 32 ქულით დაასრულა.

გუნდებს შორის მეშვიდე გადამწყვეტი მატჩი 3 მაისს „დეტროიტის“ მოედანზე ჩატარდება.

„კლივლენდთან“ სერიის მეექვსე მატჩი მოიგო „ტორონტო რეპტორსმა“ – 112:110. ამ სერიაშიც მეშვიდე შეხვედრა შედგება.

ტორონტოში ჩატარებულ სერიის მეექვსე თამაშში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. კანადელთა რიგებში საუკეთესო 25 ქულით სკოტი ბარნსი გახლდათ.

სერიის ბოლო შეხვედრა 4 მაისს კლივლენდში შედგება.