კარიერა | სანდრო მამუკელაშვილი - თუ მენტალურად ძლიერი არ ხარ, უბრალოდ გატყდები, ამერიკაში ვერ ითამაშებ [ვიდეო] #TVSPORT

NBA-ის დრაფტზე 1998 წლიდან დღემდე ექვსი ქართველი აირჩიეს: სტეფანია, ცქიტიშვილი, ფაჩულია, სანიკიძე, შენგელია, ბითაძე.

2021 წლის დრაფტზე უცხოელთათვის ყველაზე რთულად გამოსაცხადებელი გვარის წარმოთქმას ველით – სანდრო მამუკელაშვილი. მან ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაში ეფექტური სტატისტიკით დაასრულა და სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მზად არის NBA-ში სათამაშოდ.

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ რუბრიკაში „დაიმახსოვრეთ“ სანდრომ საკუთარ ბავშვობაზეც ილაპარაკა და სამომავლო მიზნებზეც. 

 

ქართული პასპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა საქართველოს ნაკრებში 2018 წელს ორი მატჩი გამართა. მას მერე ეროვნული გუნდის ფორმა არ მოურგია, რადგან ნაკრების შეხვედრები ამერიკის კოლეჯების ლიგის სეზონს ემთხვევა და ამერიკიდან ასეთ დროს ევროპაში არავინ არავის უშვებს.

თუმცა ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ევრობასკეტი 2022-ისკენაა მიმართული, რომლის თანამასპინძელი ჩვენი ქვეყანაა.

„საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყოველთვის დავდიოდი. ძალიან მსურდა ნაკრების ფორმით მეც მეთამაშა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო 2018 წლამდე ეს შეუძლებელი იყო.

ვიქტორ სანიკიძე ჩემი ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი იყო. მამაჩემს ნაკრების ყველა მატჩზე დავყავდი და ცინცაძე-სანიკიძის ალეი უპებს რომ ვუყურებდი, მეც ვცდილობდი ვარჯიშებზე იგივე გამემეორებინა.

ამერიკის მოქალაქე ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, 18 წლის რომ გახდები თავად გადაწყვიტე. ჩვენ კი ყოველმხრივ მხარში დაგიდგებითო.

ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა და მივიღე ქართული პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 14 წლისა წავედი, თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი. ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო.“

 

„ვესტა“ და „აკადემია“

სანდრომ კალათბურთის თამაში კლუბ „ვესტაში“ დავით მინდორაძესთან დაიწყო.

„არც ისე მაღალი ვიყავი, გამხდარი… მახსოვს, დათო დედაჩემს ეუბნებოდა, დიდი მომავალი აქვსო. ვფიქრობ, მის გარეშე ასე შორს ვერ წავიდოდი.

„ვესტას“ შემდეგ იყო „აკადემია“, სადაც გელა წულაძესთან და გია კაზანჯიანთან გადავედი. ამ გუნდში ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ასაკობრივ ნაკრებში ჩემი მწვრთნელი იყო ნიკო ჩერქეზიშვილი. ამ სამი მწვრთნელის ხელში კიდევ უფრო სერიოზულად თამაში დავიწყე. ისინი ყოველდღიურად მეხმარებოდნენ, რომ ყველა კომპონენტი ბოლომდე დამეხვეწა, სროლა აქ ჩამომიყალიბდა, აქ დავიწყე ჩატენვა…“

 

იტალია

კლუბ „ბიელაში“ ორი წელი ითამაშა. 15 წლისას უცხო გარემოში მარტოს მოუწია არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა.

„თავიდან იყო სერიოზული დაბრკოლებები. თუნდაც ენის ბარიერი: იტალიური ენა ძალიან სწრაფად უნდა მესწავლა, რომ სკოლაში მივსულიყავი. კლუბის და მწვრთნელების დახმარებით ესეც მალე შევძელი.

ძალიან ბევრი მასწავლებელი და მწვრთნელი მყავდა. პროფესიონალურადაც გავიზარდე, რადგან სერია A2-ის გუნდი იყო და კარგი შემადგენლობა თამაშობდა. პარალელურად სერია A-ს გუნდთანაც ვვარჯიშობდი. ახალგაზრდა რომ ხარ, დიდი მოტივაცია გაქვს, გინდა ღირსეული კონკურენცია გაუწიო, არაფერში ჩამორჩე. ამ გუნდთან ვარჯიშმა დამანახა, რომ შემეძლო მათ დონეზე თამაში.

ასაკითაც უმცროსი ვიყავი, გამხდარიც და ვარჯიშზე რომ ჩავტენიდი ძალიან მიხაროდა. მთავარია, რომ გულით ვთამაშობდი და დიდი მოტივაცია მქონდა. იტალიაში ბევრი რამ ვისწავლე, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ იტალიელობაზე არც მიფიქრია, ვიცოდი, რომ საქართველოს სახელით უნდა მეთამაშა.“

 

აშშ

იტალიური „ბიელადან“ მამუკელაშვილი ამერიკის „მონტვერდეს აკადემიაში“ გადავიდა. სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში უთამაშიათ ჯოელ ემბიიდს, ბენ სიმონსს, დეანჯელო რასელს…

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ გუნდში თამაში. მას ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს ახალგაზრდებს შორის – „კოუჩ“ ბოილი. მახსოვს, სეზონის დასრულების შემდეგ მასთან ერთად ყოველ დილას 6 საათზე ვდგებოდი და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. მან „სეტონ ჰოლისთვის“ ძალიან კარგად მომამზადა.

იყო სხვა წინადადებებიც, თუმცა უშუალო ვიზიტის შემდეგ თავი ყველაზე კომფორტულად სწორედ „სეტონ ჰოლში“ ვიგრძენი. მწვრთნელებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ კალათბურთელებთან.“

 

ხასიათი

„ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, ასეთი აგრესიული არ ვიყავი. სათამაშო აგრესიას ვგულისხმობ. იქ მივხვდი, რომ არ შეიძლება იფიქრო – ეს ჩემი მეგობარია და ჩავაგდებინო.

მოედანზე სხვა ადამიანი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს საქმეს მე თუ არ გავაკეთებ, სათადარიგოთა სკამიდან ვინმე შემოვა და ის გააკეთებს. წყნარი თამაშით არაფერი გამოდის. თუ მენტალურად ძლიერი არ ხარ, უბრალოდ გატყდები, ამერიკაში ვერ ითამაშებ, რადგან ყველას უნდა შენ რაც გაქვს, ის წაიღოს.

იყო სიტუაცია, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ზაზა ფაჩულიას ვესაუბრე. ფასეული რჩევა მომცა – გული არასოდეს გაიტეხო და შენი საქმე ყოველთვის ბოლომდე გულით აკეთეო”.

 

NBA

სანდრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ მაისურით ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციის – Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს არის აღიარება 21 წლის ქართველი კალათბურთელისა, რომელიც წლეულს ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში ასპარეზობას ასრულებს და ბედს NBA-ის დრაფტზე ცდის.

მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 პასებში (3.1).

„ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე საკუთარი გვარის გაგონება ჩემი დიდი ოცნებაა. თუმცა ისეთ გუნდში მოხვედრას, რომელიც ამიყვანს და არ მათამაშებს, მირჩევნია, დრაფტზე არავინ ამირჩიოს, მისი დასრულების შემდეგ კი ისეთმა გუნდმა გამიფორმოს კონტრაქტი, რომელსაც დავჭირდები და NBA-ში თამაშის საშუალება მექნება“, – სიტუაციას რეალურად უყურებს 21 წლის მამუკელაშვილი.

NBA-ის 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება.