მამუკელაშვილის გამო ნიუ ჯერსიში გამონაკლისი დაუშვეს - პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვის მიუხედევად მატჩს 1700 ქომაგი დაესწრო [ვიდეო]
მამუკელაშვილის გამო ნიუ ჯერსიში გამონაკლისი დაუშვეს - პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვის მიუხედევად მატჩს 1700 ქომაგი დაესწრო [ვიდეო]

სანდრო მამუკელაშვილი შედეგიანი თამაშით დაემშვიდობა „სეტონ ჰოლის ფანებს“. მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი გამართა საკუთარ არენაზე, სადაც სწორედ სანდროს გამო გამონაკლისი დაუშვეს და პანდემიის გამო აკრძალვის მიუხედავად 1700 ფანი ტრიბუნაზე დაუშვეს.

ცნობილია, რომ მამუკელაშვილი ამ სეზონის ბოლოს დრაფტზე დადგება, რაც ნიშნავს, რომ ის „სეტონ ჰოლს“ დაემშვიდობება. შესაბამისად, მას „მეკობრეების“ არენაზე თამაში აღარ მოუწევს. Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი ნიუ იორკში, „მედისონ სკვერ“ გარდენში გაიმართება.

სეტონჰოლელებმა Big East-ის კონფერენციის დებიუტანტი, „კონექტიკუტი“ მიიღეს და 58:69 დამარცხდნენ. მამუკელაშვილი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 37 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ბურთი ორჯერ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. მან 12-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 

10 მოგებითა და 8 მარცხით „სეტონ ჰოლი“ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. სანდროს გუნდს გაუჭირდება NCAA-ის ჩემპიონატში (მარტის სიგიჟე) მოხვედრა, თუმცა Big East-ის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. შემდეგ მატჩს „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „სენტ ჯონსთან“, 7 მარტს გამართავს.