უკრაინა ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს
უკრაინა ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ზურაბ ალასანიამ გააკეთა.
„გადაწყდა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს უკრაინა არ იქნება. როგორც იცით, წლევანდელი შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მარუვი გახდა, თუმცა შეთანხმება ჩვენსა და გამარჯვებულ მომღერალს შორის არ შედგა. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი წესით დავასახელოთ ახალი კანდიდატი, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაზე უარს ამბობს, რადგან ის პატივს სცემს მაყურებლის არჩევანს“, – დაწერა ზურაბ ალასანიამ.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს ქვეყნის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მარუვი გახდა, თუმცა მომღერალსა და მაუწყებელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ოფიციალურ მიზეზად 27 წლის მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, რომელზეც მარუვმა განცხადებაც გაავრცელა და მზად იყო, საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მომღერალი ვერ შეთანხმდნენ, ტელეკომპანიისგან შეთავაზება მიიღეს შიდაშესარჩევი კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა.
ჯგუფმა „თავისუფლამა ჯაზმა“ და „კაზკამ“ დისკვალიფიცირებული მარუვის ჩანაცვლებაზე უარი თქვეს.
„მადლობა შეთავაზებისთვის, თუმცა ჩვენ მას ვერ მივიღებთ. შემდეგი წლისთვის მოვემზადებით და შიდაშესარჩევ კონკურსში შევხვდებით“, – დაწერა „კაზკამ“ ოფიციალურ „ფეისბუქზე“.