ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Eurovision.Tv იუწყება, თელ-ავივში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მასპინძელი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია, სადაც შოუს დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

პირველ ნახევარფინალურ შოუს, 14 მაისს ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ნეტტა გახსნის სიმღერით „თოი“ და ცნობილია, რომ ეს იქნება გამარჯვებული სიმღერის ახალი ვერსია.

ამასთან, ნეტტა ბარზილაი იმღერებს ახალ სიმღერასაც, რომლის პრემიერაც აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი.

კონჩიტა ვურსტი, ელენი ფურეირა, მანს ზელმერლოუ და ვერკა სერდუჩკა მოწვეული სტუმრის სტატუსით წარდგებიან ევრომაყურებლის წინაშე. ცნობილი ხდება, რომ კონჩიტა იმღერებს მანს ზელმერლოუს სიმღერას, მანს ზელმერლოუ – „ფუეგოს“, ელენი ფურეირა – ვერკა სერდუჩკას საკონკურსო სიმღერას, ხოლო ვერკა სერდუჩკა 2018 წლის გამარჯვებულ სიმღერას – „თოი“.

ევროვიზია 2019-ის სცენას კონკურსის 1998 წლის გამარჯვებული დანა ინტერნეიშენალიც დაიკავებს. ჯერ უცნობია, რას იმღერებს ის, თუმცა ცნობილია, რომ მაყურებლის წინაშე 14 და 18 მაისს წარდგება.

დამატებით ხდება ცნობილი ინფორმაცია გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებითაც. წითელი ხალიჩის ნაცვლად თელ-ავივი წელს ფორთოხლისფერ ხალიჩას გვთავაზობს, სადაც 12 მაისს 41 ქვეყნის დელეგაცია გაივლის და 100-ზე მეტი აკრედიტირებული ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება. 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ოთო ნემსაძე სიმღერით – „სულ წინ იარე“ წარადგენს.

დატოვე კომენტარი