„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული და ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი დღეს გამოვლინდება
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული და ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი დღეს გამოვლინდება

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული დღეს გამოვლინდება.

მუსიკალური მეგაპროექტის ფინალური შოუ საქართველოს პირველი არხის ეთერში 21:00 საათზე დაიწყება.

მაყურებლის წინაშე ოთხი ფინალისტი წარდგება. ესენი არიან: თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე. ისინი კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის იბრძოლებენ.

კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიამართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს – ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე, მაქსიმუმ ოც-ოცჯერ, თითო ზარის ღირებულება 80 თეთრია.

ასევე, ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს.

„ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, ექვს საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა. თითოეულ ხმას ერთი და იგივე ძალა აქვს.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

დატოვე კომენტარი