ირუ ევროვიზიის ნახევარფინალური ეტაპისთვის​ დღეს გენერალურ რეპეტიციას გაივლის [ვიდეო]

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე ​საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი ლივერპულის M&S Bank Arena-ზე​ დღეს გენერალურ რეპეტიციას გაივლის.

კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე კი ირუ ხვალ, 11 მაისს მე-11 ნომრად წარდგება.

საკონკურსო გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ირუ ხეჩანოვმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მაყურებელს, რომ მიგულშემატკივრონ. ხმის მიცემის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას კი პირველი არხის ფეისბუქგვერდზე და ონლაინპლატფორმაზე გაეცნობიან“, – განაცხადა ირუ ხეჩანოვმა.

საქართველო წელს ევროვიზიაზე სიმღერით Echo წარდგება, რომელიც კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის.

საქართველოს პირველი არხი კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას 11 მაისს, 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.