2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ წარდგება
2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ წარდგება

2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ წარდგება.

ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციის მატარებელია და ჯგუფის წევრების ვინაობაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რაც სწორედ ამ ჩანაფიქრის ნაწილია.

დაარსების დღიდან ჯგუფმა გამოუშვა ათი მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ „ცირკუს-მირკუსი“ არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს იმისთვის, რომ შექმნან აქამდე არნახული აუდიოვიზუალური გამოცდილება”.

საქართველოს პირველმა არხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი შემოსული განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დაასახელა. გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომელზეც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ ან თავად ასახელებენ. წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სწორედ ეს გზა აირჩია.

შარშანდელ კონკურსზე საქართველო მუსიკალური კონკურსის „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებულმა წარადგინა, რომელიც მაყურებლის ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

2022 წელს ევროვიზიის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.

სიმღერის 66-წლიანი ისტორიის კონკურსზე წელს 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი