უკრაინას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარუვი არ წარადგენს
უკრაინას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარუვი არ წარადგენს

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ცნობილია. შიდაშესარჩევ კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულების მიუხედავად, ქვეყანას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მომღერალი მარუვი არ წარადგენს.

შეხვედრა გამარჯვებულ მომღერალსა და ტელეკომპანიას შორის შვიდ საათს გაგრძელდა.

ოფიციალურ მიზეზად 27 წლის მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, რომელზეც მარუვმა განცხადებაც გაავრცელა და მზად იყო, საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა.

„ბოლო 24 საათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური იყო. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ვიხდი გადასახადებს, გულწრფელად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ ხელოვანი და არა პოლიტიკოსი. მზად ვიყავი, გამეუქმებინა რუსეთში დაგეგმილი ტურნე, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გულწრფელ მადლობას გითვლით ჩემს გულშემატკივრებს. ეს დღევანდელი დღეა და ხვალ მე ახალი ძალებით გავიღვიძებ“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან დისკვალიფიცრებულმა მარუვმა.

„უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაინახა საზოგადოების ორად გახლეჩისა და სიტუაციის ესკალაციის საფრთხე. ჩვენი ერთი-ერთი ამოცანა საზოგადოების კონსოლიდაციის ხელშეწყობაა. მივიღეთ გადაწყვეტილება, გავითვალისწინოთ ხალხის აზრი და ქვეყნის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სხვა მომღერალი გავუშვათ“, – აცხადებენ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ქვეყნის ახალ წარმომადგენელს ტელეკომპანია სავარაუდოდ ხვალ დაასახელებს.