უძველესი ძვლების ანალიზი სკვითების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს — #1tvმეცნიერება
უძველესი ძვლების ანალიზი სკვითების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს — #1tvმეცნიერება

როგორც პოპულარულ კულტურაში, ისე აკადემიურ ჩანაწერებში, სკვითები გასათვალისწინებელ ძალად იხსენიება. ასობით წლის განმავლობაში, ისინი ევრაზიის სტეპებში ბატონობდნენ; მრისხანე მეომრებს კიდევ უფრო დიდ უპირატესობას აძლევდა მათი ძლიერი მობილობა და მომთაბარე ცხოვრების წესი.

ან უბრალოდ ასე ვფიქრობდით ათასწლეულების განმავლობაში. სკვითების ძვლების ახალი ანალიზების მიხედვით, ასეთი წარმოსახვა ზუსტ სურათს არ ასახავს; უფრო მეტიც, ზოგიერთი ხალხი, რომლებსაც ჩვენ სკვითებს მივაკუთვნებთ, ხშირად ერთ ადგილას სახლობდა და უფრო მეტად აგრარული ცხოვრების სტილს მისდევდა, ჰქონდათ ურბანული ცენტრებიც.

„ჩვენი კვლევა წარმოაჩენს ადამიანთა ზოგად დაბალ მობილობას სკვითების ხანის მთავარი ურბანული ადგილების სიახლოვეს, რაც ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ სტერეოტიპებს ძლიერ მომთაბარე მოსახლეობის შესახებ“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ალიშა ვენტრასკა მილერი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკვითების ხანაში დიდ მანძილებზე მობილობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა, ეს პროცესი მხოლოდ ინდივიდთა მცირე პროცენტით შემოიფარგლებოდა.

ჩვენი წარმოდგენა იმ ხალხის შესახებ, რომლებსაც სკვითებს ვუწოდებთ და რომლებიც ძვ. წ. 700-200 წლებში ზეობდნენ, რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ეფუძნება. არსებობს ისტორიული ჩანაწერები, მათ შორის ზოგიერთი, იმ დროის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს ეკუთვნის; არის არქეოლოგიური ჩანაწერიც, რომელიც მდიდარია სამხედრო მომთაბარე სტილის აღჭურვილობით, მაგალითად, იარაღებით, ცხენის აღკაზმულობითა და გორასამარხებით.

თუმცა ეს ტრამალი დიდია, 500 წელიც საკმაოდ დიდი პერიოდია, ადამიანები კი კომპლექსურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილისა და დროის ყველა ხალხს სკვითებს მივაკუთვნებთ, ვენტრასკა მილერისა და მისი კოლეგების კვლევა მიუთითებს, რომ იმ დროისათვის, პონტოს ველზე რამდენიმე ან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობდა.

თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სკვითების კბილებსა და ძვლებს მკვლევართა ჯგუფმა იზოტოპური ანალიზი ჩაუტარა და დაადგინა, რომ ამ ხალხს უფრო სტაციონარული ცხოვრების სტილი უნდა ჰქონოდა — მოჰყავდათ ფეტვი და ზრდიდნენ პირუტყვს; მათივე აზრით, მცდარია გაბატონებული წარმოდგენა, რომ ისინი ველური „ბარბაროსები“ უნდა ყოფილიყვნენ.

კბილები და ძვლები 56 ინდივიდს ეკუთვნის, რომელთა ნაშთებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის სამ სამარხში აღმოაჩინეს — ბელსკში, მამაი-გორაზე და მედვინში. ან ნაშთებიდან მკვლევრებმა იზოტოპური ანალიზებისთვის საკმარისი მასალა აიღეს. გარდა ამისა, ანალიზები ჩაუტარეს ბელსკში აღმოჩენილი ცხვრისა და ღორის ძვლებსაც, რამაც დამატებითი ცნობები მოგვცა პირუტყვისა და ამ ხალხის კვების რაციონის შესახებ.

ამ მეთოდით შესაძლებელია იმის დადგენა, სად და როდის ცხოვრობდა პიროვნება. ნიადაგში არსებულ იზოტოპთა კომბინაცია მცენარეებში ხვდება, რომელსაც შემდეგ ადამიანები და ცხოველები ჭამენ. სტრონციუმის შემთხვევაში, იზოტოპთა ნაზავი ძვლებსა და კბილებში კალციუმის მცირე წილს ანაცვლებს და მათი რაციონის თანაფარდობას ინახავს.

ვინაიდან ყოველ გეოგრაფიულ რეგიონს სხვადასხვაგვარი იზოტოპური ხელწერა აქვს და ვიცით, ზოგიერთი იზოტოპის დაშლის მაჩვენებელიც, ამ იზოტოპთა გამოყენებით შეიძლება გავიგოთ პიროვნების კვების წყარო არა მხოლოდ გეოგრაფიულ სივრცეში, არამედ დროშიც.

იზოტოპური ანალიზებით შესაძლებელია იმის დადგენა, იცვლიდა თუ არა პირი სიცოცხლის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილებს; შესაბამისად, ეს მეთოდი საკმაოდ გამოსადეგი უნდა ყოფილიყო სკვითების მოძრაობის დასადგენად.

მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს სტრონციუმის, ჟანგბადის, აზოტისა და ნახშირბადის იზოტოპებს. მიღებული შედეგები ნეოლითური ხანიდან რკინის ხანამდე უკრაინაში ადამიანთა პოპულაციების შესახებ წინა კვლევებს შეადარეს. შედეგად კი აღმოაჩინეს ამ ადგილებში ფეტვის მოხმარების მყარი მტკიცებულება, რაც სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულებას მიუთითებს. მამაი-გორაზე აღმოჩენილი ორი ინდივიდი ძლიერ მოძრავი ყოფილა — ჭამდნენ უფრო ნაკლებ ფეტვს, ვიდრე ისინი, ვინც ბევრს არ გადაადგილდებოდნენ.

მართალია, ეს ხალხი წინა პერიოდების ხალხზე უფრო მეტად გადაადგილდებოდა, მაგრამ კვლევა მიუთითებს ისინი დიდწილად ერთ ადგილას სახლობდნენ, მოჰყავდათ კულტივირებული მარცვლეული და ზრდიდნენ პირუტყვს.

„სკვითების ეპოქა ნამდვილად წინააღმდეგობრივი პერიოდი იყო, გვქონდა ძლიერი მტკიცებულებები აგრო-მომთაბარეებსა და მომთაბარეებს შორის არსებული კომპლექსური ურთიერთობების შესახებ, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის თავმოყრას ურბანულ ადგილებში“, — ამბობს ვენტრასკა მილერი.

მისივე თქმით, ეს კვლევა წარმოაჩენს იზოტოპური ანალიზების გამოყენების პოტენციალს სკვითების ხანაში ეკონომიკისა და მობილობების გაბატონებულ მოდელთა პირდაპირ შეფასებისთვის.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ სამომავლო კვლევები შეეხება უფრო დიდ, მრავალი თაობის ნიმუშებს, რათა დაიხატოს ან გამოირიცხოს ევრაზიის ამ ტრამალზე სკვითების პერიოდში ხალხის მოძრაობის უფრო ნათელი სურათი. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ შეისწავლიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანთა ძვლებს, მათ შორის, მდიდრულ სამარხებში დამარხულებს.

ეს კი, მათი აზრით, მოგვაშორებს კლიშეებსა და სტერეოტიპებს და მოგვცემს მდიდარ, უფრო რეალისტურ წარმოდგენას ადამიანის ისტორიის შესახებ.

„აშკარაა, რომ თუ სკვითების შესწავლა მართლა გვსურს, საჭიროა დავეთანხმოთ, რომ ევრაზიის ეს ტრამალი რკინის ხანაში მრავალი დინამიკური კულტურისა და საარსებო საშუალებათა სტრატეგიის სამშობლო იყო“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.umich.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი