თურქეთში ისტორიაში დაკარგული უძველესი სამეფოს ნაშთები აღმოაჩინეს
თურქეთში ისტორიაში დაკარგული უძველესი სამეფოს ნაშთები აღმოაჩინეს

თქმულების მიხედვით, ყველაფერი, რასაც იგი შეეხებოდა, ოქროდ გადაიქცეოდა. საუბარია ლეგენდარულ მეფე მიდასზე ძველი ბერძნული მითოლოგიიდან. როგორც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე გაკეთებული ახალი აღმოჩენა მიუთითებს, შესაძლოა, ის მართლაც რეალური პიროვნება იყო.

შარშან, არქეოლოგები ცენტრალურ თურქეთში არსებულ უძველეს ძეგლ თურქმენ-ქარაჰოიუქს იკვლევდნენ. ეს გახლავთ კონიას ვაკეზე მდებარე დიდი რეგიონი, რომელიც სავსეა ისტორიაში დაკარგული ნაქალაქარებით, სადაც ხშირად ხდება უნიკალური აღმოჩენები. თუმცა, არქეოლოგებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად ამაღელვებელი აღმოჩენა ელოდათ მათ ამჯერად.

როგორც მათ ადგილობრივმა გლეხმა განუცხადა, ბოლო დროს გათხრილ ერთ-ერთ არხში დიდი, უცნაური ქვა იპოვეს, რომელზეც გაურკვეველი წარწერები იყო ამოტვიფრული.

„ქვა ნახევრად წყალში იყო ჩაფლული, არხში ჩავხტით და ამოვათრიეთ. აშკარა იყო, რომ ის მართლაც უძველესი იყო. მაშინვე ვიცანით, რომ მასზე დატანებული წარწერები შესრულებული იყო ლუვიურ ენაზე, რომელიც ამ რეგიონში ბრინჯაოსა და რკინის ხანებში გამოიყენებოდა“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯეიმს ოსბორნი.

სპეციალისტთა დახმარებით, არქეოლოგებმა ქვის ამ უძველეს სტელაზე დატანებული იეროგლიფები სამხედრო გამარჯვების შესახებ მოგვითხრობს. თანაც, არა უბრალო სამხედრო გამარჯვებაზე, არამედ ფრიგიის დამარცხებაზე. ფრიგიის სამეფო ანატოლიაში დაახლოებით 3000 წლის წინ არსებობდა.

ფრიგიის სამეფო სახლს სხვადასხვა დროს რამდენიმე პირი, სახელად მიდასი მართავდა. თუმცა, როგორც ლინგვისტური ანალიზები მიუთითებს, ქვაზე არსებული იეროგლიფები სავარაუდოდ გულისხმობს მეფე მიდასს, რომელიც ლეგენდის მიხედვით, შეხებისას ყველაფერს ოქროდ გადააქცევდა.

წარწერები ასევე შეიცავს სპეციალურ იეროგლიფურ სიმბოლოებს, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ გამარჯვების შესახებ ეს წარწერა სხვა მეფემ, სახელად ჰარტაპუმ გააკეთა. როგორც იეროგლიფები გვამცნობს, მეფე მიდასი ჰარტაპუს ძალებმა შეიპყრეს.

„ქარის ღმერთებმა მოწინააღმდეგე მეფეები მის ბრწყინვალებას ჩააბარეს“, — ვკითხულობთ ქვაზე.

ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თითქმის არაფერია ცნობილი მეფე ჰარტაპუს შესახებ, არაფერი ვიცით არც იმ სამეფოზე, რომელსაც ის მართავდა. თუმცა, როგორც სტელა მიუთითებს, თურქმენ-ქარაჰოიუქის გიგანტური მიწაყრილი შესაძლოა, ჰარტაპუს სამეფოს დედაქალაქი ყოფილიყო.

„ამ სამეფოს შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, სრულიად ახალი ინფორმაცია მივიღეთ რკინის ხანის ახლო აღმოსავლეთის შესახებ“, — ამბობს ოსბორნი.

აღნიშნული არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ბევრი გათხრა, რამაც შესაძლოა, ამ ამბავში ყველაფერი შეცვალოს. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი არქეოლოგიური ძეგლის მონახულებას წელს კიდევ აპირებს; მათ იმედი აქვთ, რომ ახალ დეტალებს გაარკვევენ ისტორიაში დაკარგული ამ სამეფოს შესახებ.

„ამ მიწაყრილის წიაღში უნდა იყოს სასახლეები, მონუმენტები და სახლები. ქვის სტელა წარმოუდგენლად ღირებული აღმოჩენაა, მაგრამ ის მხოლოდ დასაწყისია“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯეიმს ოსბორნი.

მომზადებულია news.uchicago.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი