ვინ იყვნენ ამორძალები — დნმ-ის ანალიზი მიუთითებს, რომ უძველესი სკვითი მეომარი 13 წლის გოგონა იყო
ვინ იყვნენ ამორძალები — დნმ-ის ანალიზი მიუთითებს, რომ უძველესი სკვითი მეომარი 13 წლის გოგონა იყო

უძველესი ღმერთების, მეომრებისა და მეფეების ხანის ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ამბავი მეომარი ქალების ტომის შესახებ. ეს მძვინვარე მცირე აზიელი ქალები ღმერთების ქალიშვილებად მიიჩნეოდნენ და ხალხის წარმოსახვაში საუკუნეები დარჩნენ; უფრო მეტიც, ამორძალი მეომრების ლეგენდამ დღემდე მოაღწია.

დიდი ხნის განმავლობაში ეს მებრძოლი ქალები უძველეს ადამიანთა წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნეოდა, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ მებრძოლი ქალები, რომლებიც ამ მითების შთაგონების წყარო გახდნენ, მართლაც არსებობდნენ.

2019 წლის ბოლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი ქალის ჩონჩხი, რომლებიც 2500 წლის წინ (ძვ. წ. IV საუკუნე) მცხოვრები მომთაბარე სკვითები უნდა ყოფილიყვნენ. სამარხი თანამედროვე რუსეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ დევიცაში აღმოაჩინეს; მათთან ერთად დამარხული იყო ცხენის აღკაზმულობა და იარაღები, მათ შორის რკინის დანები და 30 ისრის პირი.

„შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ეს ორი ქალი ცხენოსანი მეომარი იყო“, — განაცხადა აღმოჩენის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგმა ვალერი გულიაევმა.

ჩონჩხები სამარხ მიწაყრილში აღმოაჩინეს, ორი სხვა ქალის ნეშტთან ერთად — მათგან ერთი 40-50 წლის უნდა ყოფილიყო, ატარებდა ოქროს თავსაბურავს ყვავილების ორნამენტებით. მეორის ასაკი 30-35 წელია და დამარხული იყო ორ შუბთან ერთად ისეთ პოზაში, თითქოს ცხენზე იყო ამხედრებული.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენმა ექსპედიციამ დაახლოებით 11 ახალგაზრდა, შეიარაღებული ქალის სამარხი აღმოაჩინა. მათთვის განკუთვნილია ცალკეული ყორღანები და ჩატარებულია რიტუალები, რომლებსაც როგორც წესი, კაცების დამარხვისას ატარებდნენ“, — განმარტავს გულიაევი.

ახლახან, რუს მკვლევართა ჯგუფმა 2600 წლის წინანდელი სკვითი მეომარი ქალის გენომი შეისწავლა. მისი ჩონჩხი ხის სარკოფაგში, სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად 1988 წელს აღმოაჩინეს.

„ეს ბავშვი თავდაპირველად ბიჭი გვეგონა, რადგან მის სამარხში აღმოვაჩინეთ ნივთები, რომლებსაც ძირითადად კაცებს ატანდნენ — ნაჯახი, მშვილდი, ისრები“, — ამბობს არქეოლოგი ვარვარა ბუსოვა.

თუმცა, დნმ-ის კვლევამ ცხადყო, რომ ჩონჩხი ქალს ეკუთვნის. ბუსოვას განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, სკვითი გოგოები ნადირობისა და სამხედრო კამპანიებში მონაწილეობდნენ.

მეომარი გოგონას ნეშტი ციმბირში, ტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს; მის სამარხში იპოვეს არყის ხის მშვილდი, კაპარჭი ათი ისრით, ხის, ძვლის ან ბრინჯაოს ბუნიკებით. მჭიდროდ დახურული ლარიქსის ხის კუბოში ჰაერი თითქმის ვერ აღწევდა და ნეშტი ნაწილობრივ მუმიფიცირებულია.

ახალი კვლევის ავტორის, არქეოლოგ მარინა კილუნოვსკაიას განცხადებით, ეს ახალგაზრდა „ამორძალი“ სიკვდილის დროს 14 წელს მიღწეული არ უნდა ყოფილიყო.

დაკრძალვისას გოგონას ეცვა ბეწვის გრძელი პალტო, პერანგი და შარვალი ან მოკლე ქვედაბოლო. ელექტრონული მიკროსკოპით სკანირებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი პალტო მიწის კურდღლის მსგავსი მღრღნელის ტყავისგან არის შეკერილი. საფლავში ჩატანებული სხვა ნივთების ნახშირბადული დათარიღებით კი ირკვევა, რომ სამარხი კომპლექსი ძვ. წ. VII-V საუკუნეებს ეკუთვნის, ანუ სკვითების ადრეულ ხანას.

ბუსოვას განცხადებით, მკვლევართა ჯგუფს ამჯერად სურს ახალგაზრდა მებრძოლი ქალის ნეშტის უფრო ზუსტი დათარიღება, მის სამარხში აღმოჩენილი ლითონის ობიექტების შემადგენლობის გარკვევა და აღმოჩენილი ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია. მკვლევრები ასევე იმედოვნებენ, რომ ჩონჩხის კომპიუტრული ტომოგრაფიით დაადგენენ, როგორ მოკვდა ახალგაზრდა მებრძოლი ქალი.

„ეს აღმოჩენა უნებლიეთ გვაბრუნებს ამორძალების მითთან, რომელიც ჰეროდოტეს წყალობით დღემდე შემორჩა“, — წერენ მკვლევრები.

ძველბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, ამორძალები სკვითებს ებრძოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სინამდვილეში ისინი თავად იყვნენ სკვითი ქალები, რომლებიც საკუთარი ტომის კაცებთან ერთად ვარჯიშობდნენ, ნადირობდნენ და იბრძოდნენ.

„სკვითი ქალების დაახლოებით ერთი-მესამედი იარაღებთან ერთად არის დაკრძალული და აღენიშნებათ ომის ჭრილობები, კაცების მსგავსად“ — განუცხადა ისტორიკოსმა ადრიან მაიორმა 2014 წელს National Geographic-ს.

მისივე განმარტებით, ისინი პატარა ტომებად ცხოვრობდნენ და შესაბამისად, ტომში ყველას ერთნაირი ვალდებულება ჰქონდა. თავდაცვაში, ნადირობასა თუ ომში წვლილი ყველას შეჰქონდა.

საუკუნეების განმავლობაში, ამორძალების მითი ათასნაირად დამახინჯდა. მაგალითად, ალბათ გსმენიათ, რომ თითქოს, ამორძალები მკერდს იჭრიდნენ უკეთესად მშვილდოსნობისთვის, კლავდნენ საკუთარ ვაჟ ჩვილებს და ა. შ.

თუმცა, ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, თანამედროვე არქეოლოგიური კვლევებისა და დნმ-ის კვლევის მეთოდით გავიგოთ სიმართლე ამ მითების მიღმა მდგარი მებრძოლი ქალების შესახებ.

კვლევა ჟურნალ Stratum Plus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი