ტრამპი - ბირთვული შეთანხმებით, ირანის ობიექტების დაუყოვნებლივ შემოწმება აუცილებელია
ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანის ობიექტების დაუყოვნებლივ შემოწმება აუცილებელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი გზა არსებობს – შესწორდეს გარიგების კატასტროფული ხარვეზები, ან აშშ შეთანხმებას დატოვებს. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონგრესმა კანონპროექტის შესაქმნელად ორპარტიულ რეჟიმში უნდა იმუშაოს, რომელიც ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას მოითხოვს.
„მე მოვუწოდებ ევროპის მთავარ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ აშშ-ს შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაში, დავუპირისპირდეთ ირანის აგრესიას და დავეხმაროთ ირანელ ხალხს. თუ სხვა ქვეყნები არ იმოქმედებენ ამ დროის განმავლობაში, მე შევწყვეტ ჩვენ გარიგებას ირანთან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.