აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, თუ ირანი ვალდებულებებს შეასრულებს
აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, თუ ირანი ვალდებულებებს შეასრულებს

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ოთხი ქვეყნის მთავარი დიპლომატის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ, დიდი ბრიტანეთის, გერმანია და საფრანგეთი დაინტერესებულები არიან ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის შემუშავება.

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან აშშ-ის მზადყოფნას, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას და ადასტურებენ საკვანძო საკითხებზე კონსულტაციებისა და კოორდინაციის გაგრძელების ინტერესს, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან. ენტონი ბლინკენი კი ადასტურებს ვაშინგტონის მზადყოფნას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს თეირანთან.

ოთხ ქვეყნის წარმომადგენელი ირანს მოუწოდებს, არ გადადგას დამატებითი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის მიერ გამდიდრებული ურანისა და ურანის ლითონის წარმოების გამო.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აშშ-მა ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.