ნიკოლ ფაშინიანი – ხალხი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ თუ მისცემს ხმას, გადავდგები რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის განმავლობაში, თუ მხარს დაუჭერს, შემდეგ არჩევნებში არ ვიყრი კენჭს
ხალხი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ თუ მისცემს ხმას, მე გადავდგები რეფერენდუმის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ოპოზიციას მიმართა, უზრუნველყოს საჭირო ექვსი ხმა რეფერენდუმის ჩასატარებლად.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს. ოფიციალურად ვაცხადებ: თუ ხალხი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას – თუ ჩემი არგუმენტები ვერ დაარწმუნებს ჩვენს საზოგადოებას – მე გადავდგები რეფერენდუმის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ასევე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ხალხი თუ მხარს დაუჭერს კონსტიტუციას, მაშინ შემდეგ არჩევნებში, იქნება ეს რეგულარული თუ ვადამდელი, მე არ ვიყრი კენჭს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ახალი კონსტიტუციის ტექსტს 23 ნოემბერს გამოაქვეყნებს.