ვირუსის შეყვანის შემდეგ, სამ პაციენტში პანკრეასის კიბოს განვითარება სრულად შეჩერდა — #1tvმეცნიერება

15:18, 20.11.2026

აშშ-ში, კლინიკური კვლევის ფარგლებში, ვირუსმა სამ ადამიანში პანკრეასის კიბოს განვითარება სრულად შეაჩერა. საჭიროა შემდეგი შეფასება უფრო დიდ კვლევებში, მაგრამ ადრეული შედეგები შემაგულიანებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საწყის უსაფრთხოების ტესტებში პაციენტებში ვირუსის მხოლოდ მცირე დოზა შეიყვანეს.

„შევიყვანეთ იმ დოზის მხოლოდ მეათედი, რომლის მიღწევასაც საბოლოოდ ვგეგმავთ; შესაბამისად, ეფექტიანობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდი — მით უმეტეს, რომ საქმე პანკრეასის კიბოს ეხება“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, მინესოტის უნივერსიტეტის მკვლევარი მასატო იამამოტო.

პანკრეასის კიბო ამ დაავადების ყველაზე მომაკვდინებელი ტიპია. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ სიმპტომები გვიან ჩნდება, როცა კიბო უკვე გავრცელებულია და შეუძლებელია ქირურგიულად ამოკვეთა. როგორც წესი, დიაგნოზის შემდეგ, პაციენტი მხოლოდ დაახლოებით ექვს თვეს ცოცხლობს.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პანკრეასის სიმსივნეს აქვს მკვრივი, ბოჭკოვანი გარსი, რომელიც ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს შიგნით მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ასევე არაეფექტიანია იმუნოთერაპიები, რომლებიც კიბოს წინააღმდეგ იმუნურ აქტივობას აძლიერებენ, რადგან პანკრეასის კიბოს იმუნური სისტემისგან დამალვა შეუძლია.

ცდის პირველ პაციენტს 7 სმ სიგრძის პანკრეასის სიმსივნე ჰქონდა; პრეპარატი მას ერთი წლის წინ გაუკეთეს, დანარჩენ ორს კი მის შემდეგ. ამ მომენტისთვის, მათი სიმსივნე პანკრეასს მიღმა არ გავრცელებულა. ვინაიდან მიმდინარეობს მკურნალობა, სიმსივნე არც ზომაში გაზრდილა.

„ყველა მათგანი ცოცხალია და აქვთ კლინიკურად სტაბილური დაავადება“, — ამბობს იამამოტო, რომელმაც შედეგები ბოსტონში, ამერიკის გენური და უჯრედული თერაპიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინა.

ოპტიმალური დონის დასადგენად, კიდევ 15 პაციენტს ახლა უფრო მაღალ დოზებს აძლევენ.

„ვფიქრობ, საინტერესო ადრეული სიგნალია, მაგრამ როგორც პანკრეასის ქირურგი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საგნებს სწორი პერსპექტივიდან შევხედოთ. ონკოლოგიის ისტორია სავსეა იმედისმომცემი ადრეული ნიშნებით, რომლებიც იქამდე ქრებოდა, ვიდრე მკაცრი, III ფაზის (გვიანი ეტაპის) კვლევები დასრულდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი ეს წინასწარი შედეგები ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეზის წარმომქმნელად უნდა ჩაითვალოს“, — ამბობს სიდნეის ჩრდილოეთ სანაპიროს სამეფო ჰოსპიტლის მკვლევარი კაი ბრაუნი. ის ასევე აღნიშნავს, რომ კვლევაში ამ დრომდე არ ყოფილა საკონტროლო ჯგუფი, ამიტომ ძნელი სათქმელია, მუშაობს თუ არა კიბოს გამანადგურებელი ვირუსი უკეთ, ვიდრე მკურნალობის სხვა მეთოდები, ან საერთოდ აქვს თუ არა რაიმე ეფექტი.

გამოყენებული ვირუსი არის ადენოვირუსი, რომელიც გენურად ისეა მოდიფიცირებული, რომ მხოლოდ სიმსივნეებში გამრავლდეს და არა ჯანმრთელ ქსოვილში. მისი რეპლიკაცია სპეციფიკურად აქტივირდება ფერმენტის მიერ, რომელსაც ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) ეწოდება; ის გაცილებით მაღალი დონითაა წარმოდგენილი კიბოს უჯრედებში, ვიდრე ნორმალურ უჯრედებში. მას შემდეგ, რაც კიბოს უჯრედები ვირუსით დაინფიცირდება, ისინი სკდებიან და იხოცებიან, რა დროსაც გამოათავისუფლებენ უფრო მეტ ვირუსს, რომლებიც შემდეგ კიდევ უფრო მეტ მეზობელ სიმსივნურ უჯრედებს აინფიცირებენ.

კლინიკურ კვლევაში, ვირუსი პირდაპირ პაციენტის სიმსივნეში შეიყვანეს წვრილი მილით, პაციენტების ყელიდან. ერთ ბოლოში მილს ულტრაბგერის ზონდი ჰქონდა, რომელიც სიმსივნეების ვიზუალიზაციას უზრუნველყოფდა.

„მიზეზი, რის გამოც სიმსივნემ ზრდა შეწყვიტა, მაგრამ არ დაპატარავდა, შეიძლება იყოს მკურნალობის დაბალი დოზა“, — ამბობს იამამოტო. ის თვლის, რომ სიმსივნემ შეიძლება დაპატარავება დაიწყოს, რადგან ვირუსს მეტი დრო აქვს გასამრავლებლად.

მისი განცხადებით, როდესაც სიმსივნური უჯრედები იწყებენ დაშლას და მათი შიგთავსის გაჟონვას, იმუნურ სისტემას ასევე შეუძლია კიბოს ამოცნობა და მასთან ბრძოლა.

„პაციენტის იმუნურ სისტემას შეუძლია მიხვდეს, რომ რაღაც რიგზე არ არის და შემდეგ სიმსივნეს შეუტიოს“.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ იმუნური სისტემა ასევე ამოიცნობს და გაანადგურებს ნებისმიერ სიმსივნურ უჯრედს, რომელიც სხეულის სხვა ნაწილშია უკვე გავრცელებული. თუ ასე მოხდა, მაშინ მკურნალობის ეს მეთოდი შეიძლება ეფექტიანი იყოს პანკრეასის მეტასტაზური კიბოს წინააღმდეგაც.

ამ ბუნებრივი იმუნური პასუხის მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად, იამამოტო და მისი კოლეგები მომავალ კლინიკურ კვლევებში ვირუსული მკურნალობის ისეთ იმუნოთერაპიულ მეთოდებთან კომბინირებას გეგმავენ, როგორიცაა „ჩეკპოინტ-ინჰიბიტორები“ — პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ცილებს; ეს ცილები კი, თავის მხრივ, იმუნურ სისტემას ხელს უშლიან სიმსივნურ უჯრედებთან შეტევაში.

ადენოვირუსები, რომლებიც თავიანთი შეუცვლელი სახით გაციებისა და გრიპის მსგავს სიმპტომებს იწვევენ, უკვე დიდი ხანია, რაც კიბოს მკურნალობის პოტენციურ საშუალებებად განიხილება და მიმდინარეობს კვლევა. მაგალითად, 1950-იან წლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს მქონე ქალებს კლინიკურ კვლევაში არამოდიფიცირებული ადენოვირუსი შეუყვანეს; შედეგი ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, თანდათან ნათელი გახდა, რომ ადენოვირუსები ისე უნდა იქნეს მოდიფიცირებული, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს დაუკავშირდნენ.

კიბოს საწინააღმდეგო ერთადერთი ვირუსი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ არის დამტკიცებული, არის T-VEC — გენეტიკურად მოდიფიცირებული მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც უშუალოდ მელანომის სიმსივნეებში შეჰყავთ, რაც უჯრედების გახეთქვასა და სიკვდილს იწვევს.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი