მეცნიერებმა გამოავლინეს ნაერთები, რომლებიც პანკრეასის კიბოს ზრდას და მეტასტაზების გავრცელებას 90 პროცენტით აჩერებს — #1tvმეცნიერება
პანკრეასის სადინრის ადენოკარცინომა — პანკრეასის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა, რთულად სამკურნალო და პრაქტიკულად სასიკვდილოა.
ამ ტიპის სიმსივნეების უმეტესობას წარმართავს ერთი ან მეტი მუტაცია KRAS გენში, რაც უჯრედების იმდენად სწრაფ დაყოფას იწვევს, რომ პროცესის შეჩერება რთულია.
დიდი ხნის განმავლობაში, მათი მკურნალობა იმდენად რთულად ითვლებოდა, რომ წინა ათწლეულებში ჩატარებული კვლევები KRAS-ს „უწამლოს“ უწოდებდნენ.
ახლახან ჩატარებული კვლევა ამ პრობლემის დაძლევის შესაძლო გზაზე მიუთითებს.
ფლორიდის A&M უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაცევტულ მეცნიერებათა კოლეჯის ჯგუფმა KRAS გენში არასწორი მოქმედების გამოსასწორებლად დატესტა ნაერთები, სახელად პოლიიზოპრენილირებული ცისტეინილის ამიდური ინჰიბიტორები (PCAI).
ეს PCAI-ები ინჟინერიით ისე დაამუშავეს, რომ დაერღვია მუტანტური KRAS სიგნალიზაციის შედეგად წარმოქმნილ ცილებთან დაკავშირებული პათოლოგიური ურთიერთქმედებები, მხოლოდ ერთი KRAS მუტაციის მიზანში ამოღების ნაცვლად.
„KRAS-ით გამოწვეული კიბოების სამკურნალო პრეპარატთა სიმწირე ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რადგან ამჟამინდელი პრეპარატები არაეფექტიანი ხდება შინაგანი რეზისტენტობის გამო. ამის გათვალისწინებით, KRAS-ის პრობლემასთან საბრძოლველად საჭიროა ახალი თერაპიები“, — წერენ მკვლევრები ჟურნალ Oncotarget-ში გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში.
ლაბორატორიაში გაზრდილ პანკრეასის სიმსივნურ უჯრედებზე ჩატარებულ ტესტებში, რამდენიმე PCIA ეფექტიანი აღმოჩნდა KRAS მუტაციის სტანდარტული გეგმის ჩაშლის თვალსაზრისით.
შემოწმებული ნაერთებიდან პანკრეასის კიბოს დათრგუნვის თვალსაზრისით ლიდერობდა ნაერთი, სახელწოდებით NSL-YHJ-2-27 — დაბალი კონცენტრაციით შეყვანის შემთხვევაშიც კი, მან კიბოს უჯრედების მიგრაციის 90 პროცენტი დაბლოკა.
უჯრედების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ PCIA-ები ეფექტიანი იყო რამდენიმე გზით — მათ გაააქტიურეს კიბოს დამთრგუნველი გენები და გათიშეს ის გენები, რომლებიც მის გავრცელებას უწყობს ხელს.
ნაერთებმა ასევე შეამცირა უჯრედის მოძრაობაში ჩართული ცილების დონე. ასევე დაარღვიეს აქტინის ფილამენტები, რამაც დაშალა ის შიდა ხარაჩო, რომელსაც უჯრედები იყენებენ გადასაადგილებლად, ფორმის შესანარჩუნებლად და მიმდებარე ქსოვილში შესაჭრელად.
„KRAS მუტაციების მქონე პანკრეასის სიმსივნის უჯრედების გამოყენებით მიღებული მონაცემები მიუთითებს PCAI-ის უნარს, შეაჩეროს მეტასტასებიზა და სიმსივნის ზრდა, ძლიერ მიანიშნებს მათ პოტენციალზე, რათა გამოვიყენოთ ეფექტიან, მიზნობრივ თერაპიად კიბოს იმ ტიპების სამკურნალოდ, რომლებსაც KRAS გენის მრავალი მუტანტი ფორმა წარმართავს“, — წერენ მკვლევრები.

ნაერთებისთვის დამატებითი გამოწვევის მისაცემად, ჯგუფმა ისინი მინიატურული სიმსივნეების უფრო კომპლექსურ 3D მოდელებზე დატესტა; PCAI-ებმა ამ შემთხვევაშიც დაამტკიცეს ეფექტიანობა კიბოს უჯრედების განადგურებასა და სიმსივნეების დაშლაში.
თუმცა, ეფექტი ისე განვითარდა, როგორც მკვლევარები არ ელოდნენ.
უჯრედებში კიბოს ზრდის ძირითადი სიგნალები, ჩახშობის ნაცვლად, სინამდვილეში ზედმეტად ინტენსიურად გადაიგზავნა და სიგნალების გადატვირთვამ მიგვიყვანა იმედისმომცემ შედეგებამდე.
დამატებითი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, ზუსტად რატომ ხდება ასე.
შედეგები მიუთითებს, რომ უჯრედები განიცდიან რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მოზღვავებას და არსებითად თვითგანადგურებას — მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს მექანიზმი, როგორც ჩანს, ის აჩერებს კიბოს ზრდას და გავრცელებას, სულ მცირე, ლაბორატორიაში გაზრდილი უჯრედების მოდელებში მაინც.
„მეტასტაზები და ინვაზია სიმსივნური უჯრედების ძირითადი დამაუძლურებელი მახასიათებლებია, რომლებიც კიბოთი დაავადებულ პაციენტებში მაღალ ავადობასა და სიკვდილიანობას იწვევს. შესაბამისად, თერაპიებს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების მოძრაობას აჩერებენ, ძლიერი პოტენციალი აქვთ კიბოს მართვაზე დადებითი გავლენისთვის“, — წერენ მკვლევრები.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ კვლევაში არსებული შეზღუდვებიც — ტესტები მხოლოდ ლაბორატორიაში გაზრდილ პანკრეასის სიმსივნურ უჯრედებზე ჩატარდა.
მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, ზუსტად როგორ მუშაობს ეს PCAI-ები, აზიანებენ თუ არა ისინი ჯანმრთელ ქსოვილებს და იქნება თუ არა ასევე ეფექტიანი და უსაფრთხო ცხოველებში, ვიდრე ადამიანებზე ცდები დაიწყება.
თუმცა, იმედისმომცემია, რომ როგორც ჩანს, დატესტილ PCAI-ებს აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა KRAS-ის რამდენიმე ტიპის მუტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. KRAS არა მხოლოდ პანკრეასის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, არამედ დაკავშირებულია მყარი სიმსივნეების მქონე კიბოების დაახლოებით 30 პროცენტთან, მათ შორის მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალურ) და ფილტვის კიბოსთან.
სხვა კვლევებმა უკვე შეისწავლა ზოგიერთი ის გავლენა, რაც ამ ტიპის ნაერთებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო ფართოდ.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ გამოყენებული მიდგომა საბოლოოდ მიგვიყვანს მკურნალობის საშუალებებამდე KRAS-ით გამოწვეული მრავალი ტიპის კიბოს წინააღმდეგ.
„PCAI-ები ეფექტიანია ფართო სპექტრის KRAS მუტანტების წინააღმდეგ, მათ შორისაა KRAS-G12C, KRAS-G12D და KRAS-G12V; შესაბამისად, მიუთითებს პოტენციურ ფართო გამოყენებაზე. მართლაც, ჩვენმა წინა კვლევებმა გამოავლინა PCAI-ების ეფექტიანობა ძუძუს, ფილტვის და პროსტატის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ; ყველა ამ კიბოს მუტანტი KRAS ცილები მართავს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Oncotarget-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.