ჰუმანოიდმა რობოტებმა ცოცხალ ცხოველებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

14:08, 23.07.2026

პირველად ისტორიაში, ქირურგების მიერ მართულმა ჰუმანოიდმა რობოტებმა წარმატებით ჩაატარეს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ამოკვეთა ღორებში.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ეს კვლევა წარმოაჩენს, რომ ქირურგიაში შესაძლებელია ჰუმანოიდი რობოტების საიმედოობა, რაც ქირურგებს პოტენციურად აძლევს კომპლექსური ოპერაციების დისტანციურად ჩატარების საშუალებას.

ბოლო დროს, ჰუმანოიდი რობოტები თითქმის ყველა დარგში გამოჩნდნენ, სპორტიდან დაწყებული, ქარხნებით დამთავრებული.

სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSD) ინჟინრებისა და ქირურგების ჯგუფი გაერთიანდა, რათა ენახათ, რამდენად გამოსადეგი შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ორფეხა ჰუმანოიდი რობოტები ქირურგიულ ოპერაციებში.

ლაპარასკოპიული ოპერაციებისთვის რობოტიკა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში გამოყენებული ჰუმანოიდური ტიპის რობოტები.

რობოტული ლაპაროსკოპიის ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული სისტემაა და ვინჩის სისტემა, რომელშიც ქირურგი კონსოლის საშუალებით მართავს სამ ან ოთხ რობოტულ მკლავს, რომელთაგან ერთი აკონტროლებს 3D კამერას, რათა შეასრულოს კომპლექსური და ზუსტი ქირურგიული ოპერაციები.

თავიანთ ექსპერიმენტებში, მკვლევრებმა რობოტები გამოცდაზე გაიყვანეს.

პირველ რიგში, მათ შეამოწმეს რობოტების დახვეწილი მოტორული შესაძლებლობები უსულო საგნებისა და ტიპური ქირურგიული აღჭურვილობის დამუშავებით, საოპერაციო მაგიდაზე დავალებების სერიის დროს, რომლებსაც მთელი პროცესის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნამდვილი ქირურგის გამოცდილი ხელი.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ადამიანებისა და რობოტების ჯგუფი მზად იყო, ანესთეზირებულ ღორებზე ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია დაიწყეს.

ადამიანი ქირურგი რობოტს კონსოლიდან აკონტროლებდა, კიდევ ერთი ექიმი კი მას საწოლთან ეხმარებოდა.

ოპერაციების ერთ მომენტში მათ დასახმარებლად მეორე რობოტიც კი მოიყვანეს. ორივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა მცირე სისხლდენა, რომელიც სწრაფად შეაჩერეს.

„ჰუმანოიდი რობოტებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების გამოცდილებას იგივე განცდა მოჰყვა, რაც თანამედროვე რობოტული ქირურგიის ადრეულ დღეებში გვქონდა, დაფიქსირდა იგივე შეზღუდვები, მათ შორის, ინსტრუმენტთა შეჯახება, სიგნალის დაგვიანება და მუდმივი რეპოზიციონირება“, — ამბობს UCSD-ის ქირურგი შანლეი ლიუ.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწყის რობოტული ქირურგიის პლატფორმას ღორებში ქირურგიული ჩარევის წარმატებით ჩასატარებლად რამდენიმე ათწლეული დასჭირდა, ამ პროექტს კონცეფციიდან ოპერაციის შესრულებამდე მხოლოდ ცხრა თვე დასჭირდა.

„ამის გამო, მე ველოდები, რომ ამ ტექნიკის დახვეწის ტრაექტორიაც ექსპონენციალურად სწრაფი იქნება“, — აღნიშნავს ლიუ.

რაიან ბროდერიკი იყო ქირურგი, რომელსაც ღორების ოპერაციებისთვის ჰუმანოიდი რობოტის მართვა დაევალა.

„ყოველთვის, როდესაც ახალ ტექნოლოგიას ვცდით, გარკვეული დონის ნერვიული მოლოდინი გვაქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდით თავს იმ ტექნოლოგიით, რომელიც უკვე შემუშავებული იყო. ჰუმანოიდი რობოტი ძალიან ჰგავდა კომერციულად ხელმისაწვდომ რობოტებთან მუშაობას. ზოგ შემთხვევაში დაფიქსირდა გარკვეული შესამჩნევი შეყოვნება და საჭირო გახდა ხელახალი კალიბრაცია, თუმცა კონცეფციის დამტკიცების მოდელებისგან ეს მოსალოდნელია“, — ამბობს ბროდერიკი.

ბროდერიკი და ლიუ ამბობენ, რომ ჰუმანოიდ რობოტებთან მუშაობა ზრდის ქირურგიულ სიზუსტეს და ამცირებს ქირურგის დაღლილობას, ამჟამად არსებული რობოტული ქირურგიული ვარიანტების მსგავსად.

თუმცა, ჰუმანოიდი რობოტების შემთხვევაში, არის დამატებითი ბონუსი.

ორფეხიანი რობოტები უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ, ვიდრე ამჟამად არსებული რობოტული ქირურგიული სისტემები და გაცილებით ადვილია მათი ტრანსპორტირება. ლიუ ვარაუდობს, რომ ამ მიზეზის გამო, ისინი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება კოსმოსში.

დისტანციურად მართვადი ჰუმანოიდი რობოტები განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება ისეთ სიტუაციებშიც, სადაც არ არის საკმარისი ადგილობრივი პერსონალი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი