რა არის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვარი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის თანახმად, უკვდავი სიცოცხლე შესაძლოა მეცნიერულად შეუძლებელი იყოს, მაშინაც კი, თუ როგორღაც ვიპოვით დაბერების საწინააღმდეგო სრულყოფილ პრეპარატებს.
ამ კვლევის მიხედვით, თუკი მეცნიერებმა დაბერების ყველა სხვა ასპექტის დაძლევა შეძლეს, ადამიანები ალბათ მაინც ვერ შეძლებენ მარადიულ სიცოცხლეს. დნმ-ის შემთხვევითი მუტაციები ჩვენს უჯრედებში დაგროვებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სხეული ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.
რუსეთის სკოლკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული სიმულაციების თანახმად, ამ პროცესმა შეიძლება ფუნდამენტური შეზღუდვა დააწესოს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე; ამ ოპტიმისტური სცენარითაც კი, ადამიანთა უმეტესობა მაქსიმუმ 150-190 წელიწადს იცოცხლებს.
ეს მაჩვენებელი ადამიანის სიცოცხლის ამჟამინდელ ხანგრძლივობაზე დაახლოებით ორჯერ მეტია, მაგრამ მაინც არის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მკაცრი ზღვარი.
მკვლევართა განცხადებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირების ნაცვლად, მათ მიერ შემუშავებული ჩარჩო გვთავაზობს დაბერებაში სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესის წვლილის გაზომვის ახალ გზას.
„წარმოგიდგენთ მყარ ჩარჩოს დაბერებაზე სომატური მუტაციების გავლენის შესაფასებლად და გთავაზობთ ახალ მიდგომას დაბერების მოდელირებისთვის“, — წერენ მკვლევრები ჟურნალ npj Aging-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
მკვლევართა განცხადებით, ეს ჩარჩო მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს იმის შეფასებაში, რა ოდენობის წვლილი შეაქვს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესს დაბერებაში, რაც პოტენციურად ხელს უწყობს იმის გამოვლენას, რომელ მექანიზმებს უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი მის შესანელებლად.
დაბერებასთან ერთად,ზოგიერთი დაავადების რისკი ექსპონენციურად იზრდება. ხანდაზმულებში ყველაზე ხშირია კიბო, გულის დაავადებები და დემენცია.
თუმცა, დაბერება მხოლოდ დაავადებებს არ ეხება. სიცოცხლის მანძილზე, ჩვენს დნმ-ში თანდათან გროვდება შემთხვევითი მუტაციები. ყოველ ჯერზე, როცა უჯრედი იყოფა, ჩვენს დნმ-ში შეიძლება გაჩნდეს პაწაწინა შეცდომები. ჩვენი სხეული შესანიშნავად აღადგენს ამ დაზიანებას, თუმცა არა სრულყოფილად.
დროთა განმავლობაში, ეს სომატური მუტაციები გროვდება. უმეტესი მათგანი უსაფრთხოა, მაგრამ ზოგიერთი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა კიბო.
თუმცა, თუკი თავიდან ავიცილებთ კიბოს და ასაკთან დაკავშირებულ ყველა სხვა დაავადებას, ახალი ანალიზების თანახმად, მუტაციები დაგროვებას მაინც გააგრძელებს, რაც თანდათანობით აზიანებს ჩვენი უჯრედების ფუნქციონირებას.
მკვლევრებმა კომპიუტერული ბიოლოგის, დმიტრი კრიუკოვის ხელმძღვანელობით, მაცდუნებლად მარტივი კითხვა დასვეს — თუკი დაბერების ყველა სხვა ნიშანი როგორმე შეიძლება მოიხსნას, მაინც შეზღუდავს თუ არა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას მხოლოდ დნმ-ის შემთხვევითი მუტაციები?
ეს არ იყო იმის პროგნოზი, თუ რამდენ ხანს იცოცხლებენ ადამიანები მომავალში.
ამის ნაცვლად, ეს იყო სააზროვნო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა იმ ზედა ზღვრის შესაფასებლად, რომელიც მხოლოდ სომატურმა მუტაციამ შეიძლება დააწესოს დაბერების გაგებისადმი ჩვენი მიდგომის გასაუმჯობესებლად.
მკვლევრებმა შეიმუშავეს მათემატიკური მოდელი, რომელიც სისტემატურად აფასებდა დნმ-ის მუტაციის სიჩქარის გავლენას სხეულის ძირითად ორგანოებზე, შემდეგ კი ეს ინფორმაცია გამოიყენეს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისგან თავისუფალი ადამიანის პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოსათვლელად.
პასუხი მოულოდნელად ოპტიმისტური იყო — სულ მცირე, ადამიანის სიცოცხლის ამჟამინდელ ხანგრძლივობასთან შედარებით.
ამ მოდელის თანახმად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 146-დან 194 წლამდე მერყეობდა.
რამდენიმე გამორჩეულმა ინდივიდმა შეიძლება გაცილებით დიდხანსაც იცოცხლეს, მაგრამ მარადიულად ვერავინ იცოცხლებს.
„ეს მათემატიკური შეფასებაა და არა ექსპერიმენტული მონაცემები“, — ამბობს კრიუკოვი.
მისი თქმით, სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის გამოთვლები „არ არის გარდაუვალობის განაჩენი“, მაგრამ წარმოაჩენს, რომ სომატური მუტაციები, მიუხედავად იმისა, რომ გასაკვირად სუსტია, როგორც დამოუკიდებელი დაბერების მამოძრავებელი ძალა, შეიძლება კრიტიკული გახდეს სხვა მექანიზმებთან კომბინირების შემთხვევაში“.
საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ზოგიერთი უჯრედი სხვებზე უფრო მდგრადია. მრავალი ქსოვილი, მაგალითად, კანი და ღვიძლი ძველ უჯრედებს მუდმივად ახლით ანაცვლებს და თეორიულად ამ ჩანაცვლების გაგრძელება ძალიან დიდხანს შეუძლია.
სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები ნაკლებად მდგრადია. გულისა და თავის ტვინის უჯრედები დიდწილად შეუცვლელია, ამიტომ, წლებთან ერთად მათში მუტაციების დაგროვება გრძელდება. ჯგუფმა დაადგინა, რომ სწორედ ეს დღეგრძელი უჯრედები აწესებს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვრებს.
კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ჩაატარა.
იდეა, რომ დნმ-ის მუტაციათა დაგროვება შეიძლება დაბერების ფუნდამენტური მიზეზი იყოს — ათწლეულებია დებატების საგანია და ქმნის დაბერების სომატური მუტაციის თეორიის საფუძველს.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მუტაციები მთელი ცხოვრების განმავლობაში გროვდება, მაგრამ საკამათო რჩება კითხვა იმის თაობაზე, ხსნის თუ არა მხოლოდ ისინი დაბერებას.
კრიუკოვისა და მისი კოლეგების კვლევა მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, სომატური მუტაციები დაბერების ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. თუკი მხოლოდ მუტაციები აწესებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად დაახლოებით 156 წელს, ამჟამად კი ადამიანები გაცილებით ნაკლებს ცოცხლობენ, გამოდის, რომ ზღვრებს სხვა ფაქტორებიც აწესებს.
კვლევის შედეგები აძლიერებს სულ უფრო მზარდ ხედვას იმის თაობაზე, რომ დაბერება რთული პროცესია, რომელშიც მრავალ ფაქტორს შეაქვს წვლილი — და რომ ამ ცალკეულ ფაქტორთა გამოვლენა და გაგება შეიძლება საკვანძო იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
მკვლევრები სიფრთხილით აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა ზოგადი სურათის მხოლოდ ნაწილია და პრობლემის გადაჭრა სავარაუდოდ მოითხოვს თანამშრომლობას მრავალ სხვადასხვა დარგში.
კვლევა npj Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.