მეცნიერებმა 55 წლის განმავლობაში მიმდინარე ათეულობით კვლევა მიმოიხილეს, რათა დაედგინათ 100 წელზე დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო — #1tvმეცნიერება
თუ ამქვეყნად თქვენი ყოფნის მაქსიმალურად გახანგრძლივების გზებს ეძებთ, რჩევები შეიძლება დამაბნეველი იყოს.
ჭამეთ ბოსტნეული. ივარჯიშეთ. იცხოვრეთ შესაფერის ქალაქში. არ მოწიოთ. გყავდეთ ბევრი მეგობარი. ან მოიცა, იქნებ ეს თქვენს გენებზეა დამოკიდებული.
თუ ამერიკელ მსახიობს, რიჩარდ უეინ ვან დეიკს დავუჯერებთ, საიდუმლო ოპტიმიზმია — და არასოდეს გაიღვიძოთ ცუდ განწყობაზე.
ახალი მასშტაბის მიმოხილვა ცუდი ამბავია ყველასთვის, ვისაც რაიმე მოკლე გზის იმედი აქვს.
საქმე ამ ყველაფერს ეხება.
კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის ფარმაკოლოგმა შაიმა იბრაჰიმმა და მისმა ჯგუფმა მიმოიხილეს 55 წლის განმავლობაში 100 და 110 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარებული 124 კვლევა და ვერ მიაგნეს ას წელზე დიდხანს სიცოცხლის რაიმე ჯადოსნურ ფორმულას.
ამის ნაცვლად, მიმოხილვა მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს უთვალავი ფაქტორი, გენებისა და დნმ-ის აღდგენით, კვებით, აქტივობის დონით, სოციალური მხარდაჭერით დაწყებული და უბრალოდ იღბლით დამთავრებული.
100 წელს მიღწეულ ადამიანებს რაიმე საიდუმლო სტრატეგია კი არ აქვთ, არამედ მათი საიდუმლო მცირე უპირატესობების დაგროვებაა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თუმცა, არის კიდევ ერთი მომენტი. ასეთ კვლევებში სწავლობენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც 100 წელს მიაღწიეს. ეს კი ართულებს იმის დადგენას, მათ დიდხანს სიცოცხლეში კონკრეტული თვისება ან ქცევა დაეხმარა თუ ასეთი რამ უბრალოდ უფრო ხშირია ამ ასაკს გადაცილებულებში.
ადამიანის სიცოცხლე მრავალი ძაფისგან ნაქსოვი მდიდარი და რთული გობელენია.
ცალკეული კვლევები ხშირად ზედმეტად ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ ძაფზე; მიმოხილვა კი შორიდან უყურებს და ხედავს, თუ როგორ ჯდება ეს კვლევა უფრო ფართო სურათში.
იბრაჰიმი და მისი კოლეგები ათასობით კვლევაში იქექებოდნენ, ვიდრე საბოლოოდ ას წელს გადაცილებულებზე, 105 და 110 წელს გადაცილებულებზე ჩატარებულ შეჩერდებოდნენ 124 კვლევაზე, რომლებშიც შესწავლილი იყო ასეთ განსაკუთრებულ დღეგრძელობასთან დაკავშირებული ფაქტორები.
შემდეგ მათ დასკვნები ფართო კატეგორიებად დააჯგუფეს.
ზოგიერთი ფოკუსირებული იყო ბიოლოგიაზე — გენეტიკა, ეპიგენეტიკა, დნმ-ის აღდგენა, ტელომერები, ანთება, მეტაბოლიზმი, მიტოქონდრიული ფუნქცია და კოგნიტური მდგრადობა. ზოგიც სწავლობდა ცხოვრების სტილს, მათ შორის, კვებას, ფიზიკურ აქტივობას, მოწევას, ალკოჰოლის მოხმარებას, პერსონალურობას და სოციალურ კავშირებს.
ბიოლოგიური კვლევები მიუთითებდა, რომ გამორჩეულად დიდხანს მცხოვრები ადამიანები ხშირად სხვანაირად ბერდებიან უჯრედულ დონეზე.
მკვლევრებმა განმეორებით მიაგნეს დნმ-ის უფრო ეფექტიანი აღდგენის, ჯანმრთელი მიტოქონდრიების, ანთების უკეთესი კონტროლის და მეტაბოლური განსხვავებების მტკიცებულებას, რაც შეიძლება ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისგან დაცვაში გვეხმარება.
გარკვეულ როლს გენეტიკაც ასრულებს, მაგრამ როგორც მიმოხილვა ხაზს უსვამს, არ არსებობს რაიმე ცალკეული „დღეგრძელობის გენი“.
„განსაკუთრებული დღეგრძელობა პოლიგენურია, ჩართულია მრავალი გენეტიკური ვარიანტი, თითოეული მათგანს მოკრძალებული ეფექტი აქვს, რომლებიც ერთობლივად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“, — წერენ მკვლევრები.
ასეთივე ძლიერ როლს ასრულებს ცხოვრების სტილის ფაქტორები.
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა პოპულაციაში, ას წელს გადაცილებულები უფრო მეტად ის ადამიანები იყვნენ, ვინც დიდწილად მცენარეულ კვების რაციონზე იყვნენ, ყოველდღიურად ეწეოდნენ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, როგორიცაა სიარული და მებაღეობა, არ ეწეოდნენ და ინარჩუნებდნენ ძლიერ სოციალურ და ოჯახურ კავშირებს.
ასევე თანმიმდევრული თემა იყო ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა მდგრადობა და დაბალი ნევროტიზმი.
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა დაავადებას უკავშირდებოდა.
ას წელს გადაცილებულები დაავადებებს მთლად ბოლომდე ვერ გაურბოდნენ, მაგრამ მრავალ მათგანში ის საშუალოზე გვიანდელ ასაკში იყო გადაწეული — ფენომენი, რომელსაც მკვლევრები „ავადობის შეკუმშვას“ უწოდებენ.
თუმცა, ამ ტენდენციას ყველა არ მიჰყვებოდა. ზოგიერთ განსაკუთრებით ხანდაზმულს ასაკთან დაკავშირებული დაავადება საშუალოზე გაცილებით მალე ეწყებოდა, მაგრამ შემდეგ მასთან ერთად ცხოვრებას ათწლეულების განმავლობაში ახერხებდნენ.
დაავადებებთან კავშირის საფუძველზე, მკვლევრებმა ას წელს გადაცილებულები სამ ჯგუფად დაყვეს: გაქცეულები, რომლებიც საერთოდ თავს არიდებენ ასაკთან დაკავშირებულ ძირითად დაავადებებს; შემაფერხებლები, რომლებსაც ის საშუალოზე გაცილებით გვიან უვითარდებათ; და გადარჩენილები, რომლებსაც დაავადება უფრო ადრე უვითარდებათ, მაგრამ მასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ.
ეს ყველაფერი დღეგრძელობის იმედის მომცემ, თუ არა გართულებულ სურათს ხატავს, მაგრამ გარკვეული დათქმებით.
მოსახლეობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ცოცხლობს ას წელზე დიდხანს და საუკუნოვანი ადამიანების კვლევებში იშვიათად შედის მრავალი სხვა ის ადამიანი, რომლებსაც ბევრი მსგავსი გენი, დიეტა, პიროვნული თვისებები ან ჩვევა ჰქონდათ, მაგრამ ათწლეულების წინ გარდაიცვალნენ.
მიმოხილვა ვერ ადგენს, მართლაც განაპირობებს თუ არა რომელიმე ეს ფაქტორი განსაკუთრებულ დღეგრძელობას, მაგრამ გვთავაზობს მეცნიერულად რაღაც უფრო მეტად ღირებულს. წარმოაჩენს დიდ ნაპრალებს სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევებში, განსაკუთრებით გრძელვადიანი კვლევების საჭიროებას, რომლებსაც შეუძლია განასხვავონ მიზეზი დამთხვევისგან.
„დიდხანს სიცოცხლეს განაპირობებს ფაქტორების რთული ურთიერთქმედება, რომელშიც გენეტიკური წვლილი მკვეთრად ძლიერდება ხანდაზმულ ასაკში, თუმცა გარემო და ქცევითი ფაქტორები გადამწყვეტი რჩება ინდივიდების უმეტესობისთვის“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Discover Public Health-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.