ორი პრეპარატის კომბინირებით, მეცნიერებმა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 პროცენტით გაზარდეს — #1tvმეცნიერება
ევროპელმა მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატის კოქტეილი თაგვებზე დატესტეს და დაადგინეს, რომ ამ ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობას ის დაახლოებით 30 პროცენტით ახანგრძლივებს. თაგვები უფრო დიდხანს დარჩნენ უფრო ჯანმრთელებიც, აღენიშნებოდათ ნაკლები ქრონიკული ანთება და კიბოს დაგვიანებული დაწყება.
ეს ორი პრეპარატია რაპამიცინი და ტრამეტინიბი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. რაპამიცინს ხშირად იყენებენ ორგანოების არმიღების პრევენციისთვისაც და ცხოველებზე ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგი აჩვენა სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით. რაც შეეხება ტრამეტინიბს, მან სიცოცხლე გაუხანგრძლივა ხილის ბუზებს, მაგრამ ჯერ უცნობია, ასე იმუშავებს თუ არა უფრო დიდ ცხოველებშიც.
ამიტომ, ახალი კვლევისთვის, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ორივე პრეპარატი შეისწავლა — გამოიკვლიეს, როგორ შეიძლება ისინი ცალ-ცალკე ან ერთობლივად ახანგრძლივებდნენ სიცოცხლის ხანგრძლივობას თაგვებში.
აღმოჩნდა, რომ ცალკე რაპამიცინი თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობას 17-18 პროცენტით ახანგრძლივებდა. ცუდი არც ტრამეტინიბი იყო — სიცოცხლის ხანგრძლივობას 7-16 პროცენტით გაახანგრძლივა. მაგრამ როდესაც მათი ძალები გააერთიანეს, ნამკურნალევ თაგვებს აღენიშნათ სიცოცხლის დაახლოებით 26-35 პროცენტით გახანგრძლივება.
თუმცა, ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას დამატებული დრო არ კომპენსირდებოდა სისუსტითა და ავადმყოფობით. პრეპარატთა კომბომ თაგვებში შეაფერხა ღვიძლისა და ელენთის კიბოების ზრდა, შეამცირა ასაკთან დაკავშირებული ანთება თავის ტვინში, თირკმლებში, ელენთასა და კუნთებში. ხნიერ ასაკში, ეს ცხოველები უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე საკონტროლო თაგვები, შემცირებული ჰქონდათ სხეულის წონა და შესუსტებული იყო გულის ფუნქციის გაუარესება.
რაც არ უნდა დამაინტრიგებელი იყოს შედეგები, არ უნდა ველოდეთ, რომ რაღაც აბებს დავლევთ და 130 წელიწადს ვიცოცხლებთ. ამის ნაცვლად, ადამიანებში გამოყენების ყველაზე იმედისმომცემი ასპექტი შეიძლება იყოს სიბერის წლების ხარისხის გაუმჯობესება.
„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში სიცოცხლის ისე გახანგრძლივებას არ ველოდებით, როგორც ეს თაგვებში მოხდა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი პრეპარატები ადამიანებს დაეხმარება, სიბერეში იყვნენ ჯანმრთელები და დაავადებებისგან თავისუფალი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, გენეტიკოსი ლინდა პატრიჯი.
მისივე განცხადებით, მომავალ წლებში ცდები ადამიანებზე ჩატარდება და დადგინდება, როგორ შეიძლება ამ პრეპარატების ადამიანებში გამოყენება.
პრეპარატების დასატესტად, მკვლევრები ასეულობით თაგვს ექვსი თვის ასაკიდან კვებავდნენ რაპამიცინის, ტრამეტინიბის ან ორივეს ნაზავის რეგულარული დოზებით და ზომავდნენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მიუხედავად იმისა, რომ სარგებელი მხოლოდ რომელიმე ცალკეული პრეპარატის შემთხვევაშიც შეიმჩნეოდა, საუკეთესო შედეგები ამ პრეპარატთა კომბინაციამ დადო.
მდედრ თაგვებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 34,9 პროცენტით გაიზარდა, მამრებში კი 27,4 პროცენტით. მდედრებში გახანგრძლივების მაქსიმალური მაჩვენებელი 32,4 პროცენტი იყო, მამრებში კი 26,1 პროცენტი.
როგორც ჯგუფი აღნიშნავს, პრეპარატების კომბოს სარგებელი მხოლოდ უფრო მაღალი დოზით არაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წამალი სიგნალირების ერთნაირი გზით მუშაობს, რაც Ras/Insulin/TOR ქსელის სახელითაა ცნობილი — მიზანში სხვადასხვა წერტილებს იღებენ. როდესაც მკვლევრებმა გენების ექსპრესია შეისწავლეს, დაადგინეს, რომ გარკვეული ცვლილებები მხოლოდ ორივე პრეპარატის მიღების შემთხვევაში ხდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პრეპარატების კომბინაციას არ გამოუწვევია რაიმე დამატებითი გვერდითი ეფექტები იმ ეფექტთა გარდა, რომლებიც ისედაც უკვე ცნობილი იყო თითოეულის შემთხვევაში.
პრეპარატების კომბოს ადამიანებზე ცდები შეიძლება შედარებით მალე დაიწყოს. მით უმეტეს, რომ ორივე პრეპარატის გამოყენება უკვე დამტკიცებულია აშშ-სა და ევროკავშირში.
კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.