
როგორც ჩანს, ომეგა 3-ის ყოველდღიური მოხმარების საკვები დანამატი ხანდაზმულ ადამიანებში ბიოლოგიურ დაბერებას ანალებს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის D ვიტამინთან და ვარჯიშთან არის კომბინირებული.
აქამდეც ცნობილი იყო ისიც, რომ ომეგა 3 – „კარგი“ ცხიმები, რომლებსაც თესლები, თხილეული და ზოგიერთი თევზი შეიცავს — აძლიერებს იმუნურ სისტემას, გულის ჯანმრთელობას და თავის ტვინის ფუნქციას.
ომეგა 3 ასევე დაკავშირებულია ეპიგენეტიკურ მარკერებში ცვლილებებთან — დნმ-ის ქიმიურ ეტიკეტებთან, რომლებიც გენების აქტივობას ცვლის და ეს კი თავის მხრივ ცვლის უჯრედების ქცევას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ომეგა 3 ამცირებს ბიოლოგიური დაბერების სვლას, რაც ხშირად განისაზღვრება, როგორც საზომი იმისა, თუ რამდენად სწრაფად უარესდება ადამიანის სხეული ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.
ამ ყველაფრის უკეთ შესასწავლად, ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰაიკი ბიშოფ-ფერარიმ და მისმა კოლეგებმა, 70-დან 91 წლამდე ასაკის 777 ადამიანი რვა ჯგუფად დაყვეს. მათ ასევე სურდათ იმის გარკვევაც, როგორ მუშაობს ომეგა 3 D ვიტამინის საკვებ დანამატთან და ვარჯიშთან კომბინაციაში.
„ომეგა 3 დაბერების მრავალ გზაზე მოქმედებს, მაგალითად იმიტომ, რომ არის ანთების საწინააღმდეგო. ასეთივე მრავალმხრივი სარგებელი აქვს D ვიტამინსა და ვარჯიშს. ამიტომ ვიფიქრეთ, თუ თქვენ ყოველ ამ დიფერენციალურ გზაზე ზემოქმედებთ, იღებთ თუ არა დამატებით სარგებელს?“, — ამბობს ბიშოფ-ფერარი.
კვლევის დასაწყისში, ზოგიერთი მონაწილე უკვე ისედაც იღებდა ამ დანამატებს და ძლიერ ვარჯიშებსაც აკეთებდა. ბიშოფ-ფერარის განცხადებით, არაეთიკური იქნებოდა მათთვის იმის თქმა, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ ან ეს დანამატები აღარ მიეღოთ; შესაბამისად, გაგრძელების ნება მიეცათ.
გარდა უკვე არსებული ცხოვრების სტილის ჩვევებისა, თითოეულ ჯგუფს სთხოვეს, ყოველდღიურად მიეღოთ ცვალებადი კომბინაცია ომეგა 3-ის, პლაცებოს აბებისა და D ვიტამინის 1-გრამიანი დოზებისა. ამას გარდა, ზოგიერთ ჯგუფს სთხოვეს, კვირაში სამჯერ გაეკეთებინათ 30-წუთიანი ძლიერი ვარჯიშები.
მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს ომეგა 3-ის აბების მიღება დაავალეს, მაგრამ არ უნდა მიეღოთ D ვიტამინი და არ უნდა ეკეთებინათ ძალისმიერი ვარჯიშები, სხვებს კი დაავალეს ძალისმიერი ვარჯიშების კეთება და D ვიტამინის მიღება, მაგრამ არ უნდა დაელიათ ომეგა 3.
კვლევის დასაწყისში, მკვლევრებმა მონაწილეთა ასაკი შეაფასეს „ეპიგენეტიკური საათების“ გამოყენებით, რომელიც მანამდე შექმნა ამ ჯგუფმა და სხვა მკვლევრებმა. ამით შეისწავლეს მათი სისხლის ნიმუშებში არსებული დნმ-ის მარკერები, სახელად მეთილის ჯგუფები, რომლებიც როგორც წესი, ასაკთან ერთად მცირდება და არღვევს უჯრედის ფუნქციას.
სამი წლის შემდეგ ზუსტად იმავეს გაკეთებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მონაწილეები, რომლებსაც ომეგა 3-ის მიღება დაავალეს, საშუალოდ დაახლოებით 3 თვით ნაკლებად დაბერდნენ, ვიდრე ისინი, რომლების მხოლოდ პლაცებოს აბებს იღებდნენ. მკვლევრებმა გაითვალისწინეს ფაქტორები, რომლებსაც შეიძლება, შედეგებზე გავლენა მოეხდინა, მაგალითად, მონაწილეთა რეალური ასაკი, სქესი, წონა და სიმაღლე.
„ეს დღეს ჩვენს ხელთ არსებული უდიდესი კვლევაა, რომელიც მიუთითებს, რომ მარტივ საკვებ დანამატებს წვლილი შეაქვს ბიოლოგიური დაბერების შენელებაში“, — ამბობს ბიშოფ-ფერარი.
ამას გარდა, ისინი, ვინც ომეგა 3-ს D ვიტამინთან ერთად იღებდნენ და ძალისმიერ ვარჯიშებსაც აკეთებდნენ, კიდევ უფრო ნაკლებად დაბერდნენ მათთან შედარებით, ცდაში არცერთ ამ ჩვევას არ მისდევდა.
„ეფექტი გარკვეულწილად უფრო გამოკვეთილი იყო, თითქმის 4 თვით გაახალგაზრდავება“, — აღნიშნავს ბიშოფ-ფერარი.
„ეს ეფექტები შეიძლება მცირე ჩანდეს, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ხანდაზმული ადამიანისთვის, სამ თვეში შეიძლება ასაკთან დაკავშირებული მრავალი გაუარესება მოხდეს და შესაბამისად, ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის მკვლევარი რიჩარდ საიოუ.
თუმცა, ეპიგენეტიკური საათები ბიოლოგიური ასაკის სრულყოფილი საზომი არ არის. საიოუს განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დნმ-ის ბიომარკერები მიუთითებს, რომ თქვენ გავხართ ვიღაც უფრო ახალგაზრდას, აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ჯანმრთელი ხართ.
მისივე განცხადებით, შემდეგმა კვლევებმა უნდა შეაფასოს, რას ნიშნავს ეს ცვლილებები სხვა საზომებისთვის, მაგალითად, ცნობიერებისთვის, ვარჯიშის უნარისა და გულის ჯანმრთელობისთვის. ბიშოფ-ფერარის ჯგუფი მონაწილეთა მონაცემებს ახლა ამ მიმართულებით სწავლობს.
კვლევის კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ მონაწილეები შედარებით ჯანმრთელები და ახალგაზრდები იყვნენ და ძირითადად არ ჰქონდათ D ვიტამინის დეფიციტი. ბიშოფ-ფერარის განცხადებით, საჭიროა სხვა კვლევებიც, რომლებშიც შეისწავლიან ამ მახასიათებელთა მქონე ადამიანებს, უფრო ახალგაზრდებს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებს.
კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.